ევროპული საქართველო

ბოკერიას პასუხი ვოლსკის: კინოთეატრებთან მდგომი პროპუტინული ხალხი თქვენი ხელისუფლების სახეა

პარლამენტი

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია ქართული ოცნების დეპუტატ გია ვოლსკის პასუხობს, რომელიც დღეს ბოკერიას ნათქვამს გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ მოძალადე, პროპუტინული ჯგუფები ბიძინა ივანიშვილის გათავხედებულია. ვოლსკის თქმით, თვითონ ბოკერიაა გათავხედებული უკმეხი კომენტარებით. 

ტაბულასთან საუბრისას გიგა ბოკერია ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდის ერთერთი გამორჩეული ლიდერის, გია ვოლსკის, ეს რეაქცია იმის დასტურია, რასაც თვითონ ამბობს. 

"ეს ხალხი თითქმის ერთსულ და ერთხორც არიან.[გია] ვოლსკი, [ემზარ] კვიციანი, [სანდრო] ბრეგაძე, [ლევან] ვასაძე, [გია] კორკოტაშვილი, ეს ერთი გუნდია, რომელიც შეკრიბა და რომელიც გაათავხედა ივანიშვილმა,"- ამბობს გიგა ბოკერია. 

ბოკერია განმარტავს, რომ გათავხედებაში მათ იდეებს არ გულისხმობს და მორიგი უტიფარი სიცრუეა ის, რომ თითქოს ვინმეს უკრძალავს, ჰქონდეს მიუღებელი და თუნდაც შავრაზმული იდეები. 

"გათავხედება იყო მათი დაუსჯელობა ძალადობისთვის და ძალადობისთვის მოწოდებისთვის, ახლაც და წარსულშიც,"- ამბობს ბოკერია. 

დეპუტატის თქმით, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგი და მისი პოლიტიკის ინსტრუმენტი, რომ პროპუტინული ჯგუფები სახელისუფლებო გუნდის მოკავშირეები არიან. 

"დიახ, ყველა, ვინც ძალადობს თავის მოქალაქეებზე მათი შეხედულების გამო და ყველა, ვინც ქადაგებს იმას, რომ თავისუფლება ჩვენს ტრადიციებთან შეუთავსებელია და არ შეიძლება, რომ ერთმანეთის გვერდით განსხვავებული მსოფლმხედველობის ადამიანები იყვნენ და უნდა იძალადონ სხვებზე, სადაც გაუვათ, არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლების მტერი იმიტომ, რომ პუტინის იდეოლოგიას ატარებს და არის ჩვენი ქვეყნის შიგნით ინდივიდუალური თავისუფლების მტერი," - ამბობს ბოკერია. 

დეპუტატის თქმით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ნებისმიერი ძალადობრივი მოქმედებისა ან მოწოდებისთვის კანონის უზენაესობის ფარგლებში ყველას მკაცრი პასუხი მოეთხოვება. 

"თუ მაინცდამაინც ლაპარაკია იმაზე, რა არის თავხედობა, თავხედობაა ის, რომ დღეს, ამდენი წლის შემდეგ, საბჭოთა კავშირის, ამ ბოროტების იმპერიის დანგრევის შემდეგ, იმ რეჟიმის, რომელიც ყველა თვალსაზრისით კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ბოროტება იყო, საქართველოს თავისუფლების დამხობისა და მსოფლიოში მილიონობით ადამიანის მკვლელი და გადამსახლებელი რეჟიმის მსახური, ცეკა-ს ინსტრუქტორი დღეს მმართველი გუნდის სპიკერია. ბატონ ვოლსკიზე მაქვს საუბარი. 

აი, თავხედობა ივანიშვილის გუნდის მხრიდან იყო ვოლსკისნაირი ხალხის წინ წამოწევა, რომლებიც თვითონ ვერც წამოიწეოდნენ, რომ არა ივანიშვილი და მისი ძალაუფლება და რესურსები,"- ამბობს ბოკერია. 

დეპუტატი ასევე ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის დროს კინოთეატრებთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება, რომლის დროსაც ძალადობრივი ჯგუფები კინოთეატრებში შეჭრას შეეცადნენ და ასაფეთქებელი ნივთიერებები ისროლეს. ბოკერიას თქმით, აღსანიშნავია, რომ მოძალადეების ასეთი მცირე ჯგუფი ახერხებს, რომ არანორმალური პირობები შეუქმნას ჩვეულებრივ მოქალაქეებს, ვინც კინოში მიდის. 

"პოლიციელებს აქვთ დავალება, რომ კი არ დააკავონ მოძალადეები და ჩვეულებრივ მოქალაქეებს შეუქმნან ნორმალური პირობები, არა, უბრალოდ, ავალებენ, რომ გამშველებლების როლში იყვნენ. ზოგჯერ ამ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების მსხვერპლები თვითონ პოლიციელების ხდებიან," - ამბობს ბოკერია. 

დეპუტატის თქმით, ეს რეალობა ივანიშვილის რეჟიმის სახეა. 

"პოლიციელებს არ აძლევენ უფლებას, რომ მოძალადე რომ მოდის, დააკავონ ჩვეულებრივად და არა ჭყლეტვაში მოახვედრონ მოქალაქეები, რომლებსაც ნებისმიერი ფილმის ნახვა უნდათ. ეს არის ივანიშვილის გუნდის სახე, მათ შორის გია ვოლსკისაც, აი, ეს ხალხი, ვინც კინოთეატრებთან ეგრე იქცევა. 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სრული სიცრუეა, რომ ვინმე იძახის, რომ მათ ამ აზრების ქონის უფლება არ აქვთ. არა, აი, ამ სამარცხვინო ძალადობის უფლება არ აქვს არავის და ხელისუფლება არის პირდაპირ თანამონაწილე ამ ყველაფრის, როდესაც ამას უშვებს,"- ამბობს ბოკერია.

კომენტარები