და ჩვენ ვიცეკვეთ

ვოლსკი ბერძენიშვილზე: მათ ლაჩრები უწოდა, იმდენი იძახა ვიჩხუბოთო, ეტყობა ბოლოს ეჩხუბა ვიღაც

"ახლა, ასე არ შეიძლება ცალმხრივად განხილვა, დავით ბერძენიშვილმა თქვა, რომ ლაჩრები არიან და თუ ვინმე ვაჟკაცია გამოვიდეს და აგერ შემებრძოლოს თუ შემერკინოს და გვერდზე გავიდეთ - იყო ასეთი ლაპარაკი. მისგანაც ეს საუბარი, შეიძლება, ვიღაცამ ჩათვალოს შეურაცხყოფად," - თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ რესპუბლიკური პარტიის წევრზე დავით ბერძენიშვილზე, რომელსაც ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საწინააღმდეგო ძალადობრივ, პუტინისტურ აქციაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

მისივე თქმით, ვისაც პოლიტიკაზე და პოლიტიკოსობაზე აქვს პრეტენზია უნდა ეცადოს, რომ კი არ გაამწვავოს არამედ პირიქით - შეარბილოს სიტუაცია და პროცესებზე პოზიტიური გავლენა მოახდინოს.

ინტერვიუს ბოლოს მან იკითხა - "ბერძენიშვილს რა ფიზიკურად შეეხო ვინმე? იმდენი იძახა გამოდი ვიჩხუბოთო, ეტყობა ბოლოს ეჩხუბა ვიღაცა". 

ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი, ქართული მარში, გია კორკოტაშვილი და სხვა ძალადობრივი ჯგუფები კინოთეატრ ამირანთან ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების შეწყვეტას ითხოვენ. ისინი პოლიციის კორდონს აწვებიან და კინოთეატრში შესვლას ცდილობენ. ადგილზე იმყოფება სპეცრაზმი.

დავით ბერძენიშვილი მედიებს ინტერვიუს აძლევდა, როდესაც ძალადობრივი ჯგუფების მონაწილეები მას სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ინტერვიუს შემდეგ, გასვლისას, დავით ბერძენიშვილს რამდენიმე მონაწილე გაყვა და დაარტყეს.

ამასთან, აქციაზე თავს დაესხნენ სამოქალაქო აქტივისტს ანა სუბელიანს. მას მძიმე საგანი, სავარაუდოდ ქვა, ესროლეს.

შსს-ს ინფორმაციით ამირანთან მიმდინარე აქციაზე 11 პირია დაკავებული, მათ შორისაა აქტივისტ ანა სუბელიანის თავდასხმაში ეჭვმიტანილი. 

კინოთეატრ ამირანში ფილმის პირველი სეანსი უკვე ჩატარდა და მაყურებლებმა უკვე დატოვეს კინოთეატრი. 

კომენტარები