მაიკ პომპეო

პომპეო: რუსეთს KGB-ის ყოფილი ოფიცერი მართავს, რომელიც მეზობელ ქვეყნებში იჭრება

Getty Images

"დღეს რუსეთს KGB-ის ყოფილი ოფიცერი [ვლადიმერ პუტინი] მართავს, რომელიც დრეზდენში მსახურობდა. ის იჭრება თავის მეზობლებთან და პოლიტიკურ ოპონენტებს კლავს," - ბერლინის კედლის დანგრევიდან 30-ე წლისთავზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფებოდა, სადაც სიტყვით გამოსვლისას თავისუფლების დღევანდელ საფრთხეებზე, არსებულ ავტორიტარულ რეჟიმებზე ისაუბრა.

"რუსეთი უკრაინაში მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობასაც ახშობს. ახლა, როდესაც ჩვენ აქ ვსაუბრობთ, რუსეთი იყენებს პოლიციის ზეწოლას, ყირიმელი თათრებისა და უკრაინელების წინააღმდეგ, აწამებს მათ. ისინი რუსული აგრესიის საწინააღმდეგოდ მუშაობენ. ჩეჩნეთში ნებისმიერი პიროვნება, ვისაც მაღალჩინოსნები არასასურველად ჩათვლიან, უბრალოდ უჩინარდება," - თქვა მან.

ბერლინის კედლის დაცემას სამი ათწლეულის წინ პომპეომ კაცობრიობის თავისუფლებისადმი ბუნებრივი მისწრაფვის შედეგი უწოდა:

"აღვნიშნავთ ამ დიდებული გერმანული ქალაქისთვის ბერლინისთვის, გერმანელი ხალხისთვის და ასევე დასავლეთისთვის - ყველა ჩვენგანისთვის".

თუმცა, სახელმწიფო მდივანმა ისიც თქვა, რომ დასავლეთი ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ ფიქრობდა, ეს ტრენდი შეუჩერებელი იქნებოდა და გაიხსენა ფუკუიამას ცნობილი წიგნი "ისტორიის დასასრული" - "ჩვენ ვფიქრობდით, რომ თავისუფალი საზოგადოებები გავრცელდებოდა ყველგან და ზოგ ადგილას ასეც მოხდა".

სამხედრო შეიარაღება და ალიანსები ამ თავისუფლებებს იცავდა, თუმცა მაშინ, როდესაც დასავლეთი ფიქრობდა, რომ თავისუფლებისა და ლიბერალური დემოკრატიების გავრცელებას ალტერნატივა არ ჰქონდა, აშშ ამ რესურსებზე უწინდელივით აღარ ფიქრობდა - "სამწუხაროდ, ჩვენ შევცდით". 

არათავისუფალ სამყაროზე საუბრისას პუტინის რეჟიმთან ერთად პომპეომ აღნიშა ჩინეთში ახალი ფორმის ავტორიტარიზმი, რაც მსოფლიოს დიდი ხანი არ უნახავს - "ჩინეთის კომუნისტური პარტია ავიწროებს თავის მოქალქეებს იმ მეთოდებით, რაც საზარლად ნაცნობი იქნება ყოფილი აღმოსავლელი გერმანელებისთვის. 

ჩვენ, ყველას, ვინც ამ ოთახშია, გვაქვს ვალდებულება - ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ თავისუფალი ერები ღირებულებათა ომში არიან არათავისუფალ სახელმწიფოებთან. სიმართლე, ეს სიმართლე საკმარისად ცხადი არ ყოფილა 1989 წელს, რაც გასაგებიც კია. ახლა, 30 წლის შემდეგ ჩვენ ზეიმთან ერთად ფხიზლადაც უნდა ვიყოთ, უნდა დავინახოთ მსოფლიო ისეთი ისეთი, როგორიც არის და გავაცნობიეროთ, ვინ ვართ ჩვენ". 

პომპეომ განმარტა, რომ დღეს დაბრუნდა რეალობა, როდესაც თავისუფალი ქვეყნები არათავისუფალ ქვეყნებს ეჯიბრებიან და თავისუფალ სამყაროს პირველობა არ უნდა დაეთმო - "თუ თქვენ არ იწინამძღოლებთ, თუ ამერიკა არ იწინამძროლებს, მაშინ ვინ იზამს ამას?"

"ჩვენ მშვიდად და თავისუფლად ცხოვრება გვსურს", - თქვა პომპეომ.

ბერლინის კედლის დაცემის 30-ე წლისთავზე ამერიკის საელჩომ ბერლინში ამერიკის შეერთებული შტატების მე-40 პრეზიდენტის რონალდ რეიგანის ძეგლი გახსნა. ძეგლის საზეიმო გახსნას პომპეოც ესწრებოდა - "რეიგანმა გამბედავად ამხილა მათი თავისუფლების საფრთხე - საბჭოთა იმპერია, ბოროტების იმპერია".

კომენტარები