აშშ-საქართველო

ფიონა ჰილი უკრაინიდან ელჩის გამოწვევას საქართველოს შემთხვევას ადარებს

https://www.businessinsider.com

 

აშშ-ის კონგრესში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში თეთრი სახლის მაღალჩინოსნების გამოკითხვა მიმდინარეობს.

წარმომადგენელთა პალატაში ჩვენება მისცა ფიონა ჰილმა, რომელიც 2019 წლის აგვისტომდე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ევროპისა და რუსეთის საკითხების დირექტორი, ასევე ტრამპის ადმინისტრაციაში რუსეთის საკითხების წამყვანი ექსპერტი იყო.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა წევრმა ჯეიმი რასკინნმა ფიონა ჰილს კითხვები დაუსვა მათ შორის დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის იმ ნაწილზე, სადაც პრეზიდენტები უკრაინაში აშშ-ს ყოფილ ელჩზე, მარი იოვანოვიჩზე საუბრობენ. ამ საუბარში ტრამპი იოვანოვიჩს ცუდ ელჩად მოიხსენიებს. პასუხად ზელენსკი ამბობს, რომ მოხარულია, ტრამპმა ეს პირველად თავად აღნიშნა და მას ასი პროცენტით ეთანხმება. ზელენსკი იქვე ამატებს, რომ იოვანოვიჩი უკრაინის ყოფილი პრეზიდენტთან იყო დაახლოებული.

ჰილმა უკრაინიდან ელჩის გამოწვევა საქართველოს შემთხვევას შეადარა და აღნიშნა, რომ ქვეყნების საელჩოებისგან ელჩის კანდიდატურისგან მსგავსი მიზეზებით თავშეკავება "ჩვეული" მოვლენაა:

"ორი შემთხვევა იყო, როდესაც ელჩს უარი ეთქვა თანხმობაზე ან ქვეყნის მიერ განხილვაზე, წინა პრეზიდენტთან სიახლოვის ბრალდებით. ეს მოხდა საქართველოში ჩვენი ელჩის შემთხვევაში. ის წარსულში, სააკაშვილის დროს, საქართველოს საელჩოში მუშაობდა. ამჟამინდელმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ის სააკაშვილთან დაახლოებული იყო, მას ამ ინფორმაციის ჩემთვის და სხვებისთვის მოწოდება ქონდა განზრახული. ეს არ შეესაბამებოდა სიმართლეს ... იმაზე მივუთითებ, რომ ეს ჩვეული თავშეკავებაა, რასაც ვიღებთ ხოლმე სხვა ქვეყნებისგან, როდესაც მათ არ უნდათ გაგზავნილი ელჩი, ან ჩვენი მაღალჩინოსნების გულის მოგება სურთ. ხშირად მიუთითებენ მსგავს რამეებზე" - ამბობს ფიონა ჰილი გამოქვეყნებულ ტრანსკრიპტში.

მოგვიანებით რასკინმა ჰილს ჰკითხა, ხომ არ გაეხსენებდა ანალოგიური შემთხვევებს, როდესაც ელჩი მის წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური კამპანიის პირობებში გაიწვეს - ჰილმა აქ საქართველოზე კიდევ ერთხელ მიუთითა:

"ელჩი ივანოვიჩის დათხოვნა თუ გაწვევა მოვლენათა ჯაჭვის ნაწილია, რომელიც ძალიან გავს პოლიტიკურ მანევრსა და პროპაგანდას. ისე ჩანს, თითქოს მის წინააღმდეგ კამპანია იყო. მართალი ვარ? ამასთან, ყოფილა თუ არა შემთხვევები თქვენი კარიერის განმავლობაში, როდესაც მსგავს გარემოებებში ელჩი მოხსნეს?" - კითხა რასკინმა ჰილს.

პასუხად ჰილმა ალბანეთიდან კეტი კავალეჩის ნომინაციის გაწვევა გაიხსენა, რომელსაც თავს მათ შორის  ალბანელი დემოკრატები ესხმოდნენ. ჰილმა იქვე აღნიშნა, რომ "რაღაც მსგავსი გაუკეთეს ქართველებმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში, ბრიჯიტ ბრინკს, რომელზეც დოსიეს შექმნას გეგმავდნენ".

______

ცნობისთვის, 2018 წლის იანვარში Foreign Policy-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში ელჩობის აშშ-ის მიერ განხილული კანდიდატი, ბრიჯიტი ბრინკი საქართველოს ხელისუფლებამ დაბლოკა. საქართველოს ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია უარყო.

ინფორმაციას, თითქოს საქართველოს მთავრობამ აშშ-ის მიერ ნიმინირებული ელჩი დაბლოკა, სიცურე უწოდა საქართველოში ოპოზიციის ნაწილმა.

13 ოქტომბერს ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ თქვა, რომ "აშშ-ის ნომინირებული ელჩის დაბლოკვას საბჭოთა კავშირის ვერ ბედავდა". მან "მითი" უწოდა დაშვებას, რომ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია, აშშ-ს ელჩის არშემოშვებით დაემუქროს.

"მანდ ლაპარაკია სხვა რამეზე. როცა საკითხი იხილებოდა, ივანიშვილის რამდენიმე ლობისტმა იმუშავა იმაზე, რომ ეთქვა, ეს შეიძლება არ არის კარგი არჩევანი საქართველოს ოლიგარქ ხელისუფლებასთან ურთიერთობის დასამყარებლადო. ეს არის სულ სხვა ტიპის სამუშაო. შიდა წინააღმდეგობებით ისარგებლეს სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში და არა ის, რომ დაბლოკა", - თქვა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები