ილია ჯიშკარიანის საქმე

სექსუალური ძალადობის მცდელობაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს

Facebook/ ილია ჯიშკარიანი ისნის რაიონის მაჟორიტარი Ilia Jishkariani

საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატი ილია ჯიშკარიანი, რომელსაც ყოფილი თანაშემწე ფიზიკურ ძალადობასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს, ინფარქტის დიაგნოზით საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

კლინიკის Helsicore ექიმი თამუნა ჭიხორია ამბობს, რომ ჯიშკარიანს ტკივილი 2 დღის წინაც აწუხებდა, თუმცა გუშინ ეს ტკივილი უკვე გაუსაძლისი გახდა, რის გამოც ის კლინიკაში გადაიყვანეს. 

"დიაგნოსტირდა ჩვენს განყოფილებაში მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით, რის გამოც დაუყონებლივ შეყვანილ იქნა კორნეროგრაფიაზე. ჩაუტარდა ანგიოპლასტიკა 3 სტენდით, ამჟამად მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა საყურადღებო და იმყოფება ინტენსიურ ბლოკში,"- ამბობს ექიმი რუსთავი 2-თან საუბრისას. 

ილია ჯიშკარიანი თანაშემწე თამთა თოდაძემ სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში საჯაროდ 4 ოქტომბერს დაადანაშაულა. ინციდენტი 30 სექტემბერს მოხდა და თოდაძემ სამართალდამცველებს იმ დღესვე მიმართა. 

11 ოქტომბერს ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. ეს პროკურატურის მოთხოვნა იყო. ჯიშკარიანს ასევე აეკრძალა თოდაძესთან მიახლოება და სპეციალური ნებართვის გარეშე საქმეში არსებულ მოწმეებთან კონტაქტი. 

დაცვის მხარის მოთხოვნით, განხილვა სასამართლოს ნაცვლად კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში ჩატარდა. მას შემდეგ, რაც თოდაძემ შესაძლო ძალადობაზე საჯაროდ, ტელევიზიის საშუალებით ისაუბრა, ჯიშკარიანმა მედიასთან თქვა, რომ ის კლინიკაში მკურნალობს. 

საავადმყოფო ილია ჯიშკარიანმა კვირას, 13 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში დატოვა.

პროკურატურის მიერ დაყენებულ აღკვეთის ღონისძიების სახეს დაზარალებულის მხარე არ იზიარებდა. ადვოკატები მიიჩნევდნენ, რომ ჯიშკარიანს, როგორც გავლენიან პოლიტიკოსს, რომელსაც თბილისის მერი და ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნები მფარველობენ, მას შეუძლია, საქმის სრულყოფილ გამოძიებას ხელი შეუშალოს. ამასთან, უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მას უკვე ჰქონდა მოწმეებზე ზემოქმედების მცდელობა, ეს, შესაძლოა, ისევ განმეორდეს.

კომენტარები