ესპანეთის არჩევნები 2019

ესპანეთის არჩევნების შედეგად კვლავ ბუნდოვანია, ვინ ჩამოაყალიბებს მთავრობას

პედრო სანჩესი
Reuters

ესპანეთის საპარლამენტო არჩევნების ხმების 97%-ის დათვლის შემდეგ კვლავ გაურკვეველია, ვინ ჩამოაყალიბებს მთავრობას.

არც მემარცხენე და არც მემარჯვენე ბლოკს არ ჰყოფნის მანდატები მთავრობის ფორმირებისათვის.

პრემიერმინისტრი პაბლო სანჩესი სავარაუდოდ ეცდება, კოალიცია ან უმცირესობის მთავრობა Podemos-თან და რეგიონულ პარტიებთან თანამშრომლობით ჩამოაყალიბოს. სახალხო პარტიის ლიდერი პაბლო კასადო გამორიცხავს დიდი კოალიციას.

დღევანდელი არჩევნები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უკვე მეოთხეა. 28 აპრილს ჩატარებულ არჩევნებში, პრემიერმინისტრ პედრო სანჩესის სოციალისტურმა პარტიამ ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა, თუმცა მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო მხარდაჭერა ვერ მიიღო. ამის გამო რამდენიმე თვეში ხელახალი არჩევნების ჩატარება გახდა საჭირო.

დღეს გამართული არჩევნების შედეგად სურათი, ფაქტობრივად, არ იცვლება. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სოციალისტები 120 მანდატს მიიღებენ 350-დან. შედარებისთვის, აპრილში მათ 123 მანდატი მოიპოვეს.

მეორე ადგილზე გადის მემარჯვენე-ცენტრისტული სახალხო პარტია, რომელიც 88 მანდატს მიიღებს. აპრილში მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ 66 მანდატი მოიგო.

მესამე ადგილზე ულტრამემარჯვენე, პოპულისტური პარტია VOX გადის 52 მანდატით. სწორედ ეს პარტია იმატებს ყველაზე მეტ ადგილს - აპრილში მათ 24 წარმომადგენელი შეიყვანეს საკანონმდებლო ორგანოში. მემარცხენე პოპულისტური Podemos 34 დეპუტატს შეიყვანს პარლამენტში.

ყველაზე მეტი მანდატი ცენტრისტულმა მოქალაქეთა პარტიამ დაკარგა - თუ აქამდე ისინი 57 ადგილით იყვნენ წარმოდგენილები, ახლა მხოლოდ 10 წარმომადგენელი ეყოლებათ.

ამომრჩეველთა აქტივობა 72%-დან 70%-მდე შემცირდა.

კომენტარები