ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში პოლიციელმა მომიტინგეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა

EPA

ჰონგ-კონგში პოლიციელმა აქციის ორ მონაწილეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. სროლის მომენტი Facebook-ის ერთ-ერთ ლაივ ვიდეოშია ასახული.

სროლა მაშინ მოხდა, როდესაც მომიტინგეები ერთ-ერთი გზის გადაკეტვას ცდილობდნენ.

ვიდეოში ჩანს როგორ იღებს პოლიციელი იარაღს. აქციის ერთ-ერთ მონაწილესთან ხელჩართული დაპირისპირების შემდეგ ის მეორე პირს, რომელიც მათ მიუახლოვდება ესვრის და დაჭრის. ამის შემდეგ პოლიციელი კვლავ გაისვრის, თუმცა ამ დრომდე უცნობია დაიჭრა თუ არა კიდევ ვინმე.

პოლიცია ადასტურებს, რომ ერთ-ერთმა ოფიცერმა რევოლვერიდან გაისროლა და შედეგად ერთი კაცია დაჭრილი. მას მაჟამად ოპერაცია უტარდება. საავადმყოფოში ამბობენ, რომ დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

პარალელურად ჰონგ-კონგის სხვადასხვა უბნებში მიმდინარე პროტესტისას პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. გავრცელდა კიდევ ერთი ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციელი მომიტინგეებს მოტოციკლით განზრახ ეჯახება.

ივნისში აქციების დაწყებიდან ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც პოლიციამ მომიტინგე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.

პირველი შემთხვევა პირველ ოქტომბერს მოხდა, როდესაც ჩინეთში კომუნისტური პარტიის მმართველობის დამყარებიდან 70 წლისთავს აღნიშნავდნენ. პოლიციელმა მომიტინგეს ახლო მანძილიდან მკერდში ესროლა. ამის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა. მეორე შემთხვევა კი 4 ოქტომბერს მოხდა და შედეგად თინეიჯერი ბიჭი დაიჭრა.

შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგის აქციები თავდაპირველად ჰონგ-კონგიდან კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით დაიწყო, რაც რამდენიმე თვეში დაკმაყოფილდა, თუმცა დროთა განმავლობაში მომიტინგეების მოთხოვნები გაიზარდა. ისინი ახლა პოლიციის უფლებამოსილების გადამეტების დამოუკიდებელ გამოძიებას, თავისუფალ არჩევნებს და ზოგადად, პეკინის გაზრდილი გავლენისგან გათავისუფლებას ითხოვენ. აქციები არაერთხელ ძალადობრივად დაშალეს.

კომენტარები