აშშ

ჰეილი წერს, რომ კელი და ტილერსონი მოუწოდებდნენ ტრამპის მოთხოვნებს არ დამორჩილებოდა

0 კომენტარი
ნიკი ჰეილი, ჯონ კელი, რექს ტილერსონი

გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩი ნიკი ჰეილი საკუთარ ახალ წიგნში წერს, რომ თეთრი სახლის შტაბის ყოფილი უფროსი ჯონ კელი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი მას მოუწოდებდნენ ტრამპის მოთხოვნებს არ დამორჩილებოდა და ეუბნებოდნენ, რომ ამგვარად "ქვეყნის გადარჩენას ცდილობდნენ".

"ეს მათი გადაწყვეტილებები იყო, და არა პრეზიდენტის, რომელის ამერიკის საუკეთესო ინტერესებში იყო. ასე ამბობდნენ ისინი." წერს ჰეილი.

ჰეილი წერს, რომ კელი და ტილერსონი მას აგულიანებდნენ, რათა პრეზიდენტისათვის ძირი გამოეთხარა.

მისი თქმით ტილერსონი ეუბნებოდა, რომ ხალხი დაიხოცებოდა, თუ ტრამპს არ შეაკავებდნენ.

ჰეილის წერს, რომ მან კელის და ტილერსონს უარი უთხრა და მათ თხოვნას საშიში და შეურაცხმყოფელი უწოდა.

"ჩემს ნაცვლად ეს პრეზიდენტისათვის უნდა ეთქვათ... უნდა მისულიყვნენ პრეზიდენტთან და ეთქვათ განსხვავებული აზრი. თუ მისი ქმედებები არ მოეწონებოდათ, გადამდგარიყვნენ. პრეზიდენტისათვის ძირის გამოთხრა საშიშია და კონსტიტუციის, ამერიკელი ხალხის სურვილების წინააღმდეგ მიდის. ეს შეურაცხმყოფელია." წერს ის.

ჰეილის წინგში საუბრობს იმაზეც, რომ ტრამპს თავადაც არ ეთანხმებოდა, მაგალითად ჰელსინკიში 2017 წელს ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის წარმართვის საკითხში, ასევე შარლოტსვილში 2017 წელს განვითარებულ მოვლენებზე გაკეთებულ კომენტარებში, თუმცა მხარს უჭერდა მის პოლიტიკას ისეთ საკითხებში, როგორიცაა ირანის ბირთვული შეთანხმებიდან და პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლა.

ტილერსონს ჰეილის განცხადებებზე კომენტარი არ გაუკეთებია, ჯონ კელიმ კი თქვა, რომ მას მხოლოდ ის სურდა, რომ პრეზიდენტი სრულად ყოფილიყო ინფორმირებული.

"თუ წინააღმდეგობაში და შეფერხებაში ჰეილი გულისხმობს შტაბის მცდელობას ტრამპს გადაწყვეტილების შესაძლო შედეგების ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე სცოდნოდა, რათა ინფორმირებული გადაწყვეტილება მიეღო, მაშინ ბრალს ვაღიარებ." თქვა მან.

ჰეილის წიგნს თავად ტრამპიც გამოეხმაურა და ტვიტერზე დაწერა "წარმატებები, ნიკი!"

წიგნი With All Due Respect ოფიციალურად სამშაბათს გამოდის.

შეგახსენებთ, რომ ნიკი ჰეილიმ გაეროში აშშ-ის ელჩის პოსტი გასული წლის ოქტომბერში დატოვა და ის კანადაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, კელი კრაფტმა შეცვალა.

მაშინ ჰეილიმ თქვა, რომ ტრამპს გადადგომის თხოვნით 6 თვით ადრე მიმართა, რადგან "დაიღალა და დასვენება სჭირდებოდა". 

რექს ტილერსონი სახელმწიფო მდივნის პოსტიდან ტრამპმა 2018 წლის მარტში გაათავისუფლა. გათავისუფლების შემდეგ ტრამპმა ის არაერთხელ გააკრიტიკა და სულელი და ზარმაციც უწოდა. თანამდებობა მაიკ პომპეომ დაიკავა.

ჯონ კელი კი თეთრი სახლიდან გასული წლის 9 დეკემბერს წავიდა. თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში კელის მოუწია საჯაროდ განემარტა, რომ დონალდ ტრამპისათვის "იდიოტი" არ უწოდებია, როგორც ეს ჟურნალისტ ბობ ვურვარდის წიგნშია. თეთრი სახლის შტაბის უფროსის მოვალეობას ამჟამად მიკ მულვანი ასრულებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები