უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

ჯანეზაშვილი: 10 მიზეზი, რატომ არ უნდა დანიშნოს პარლამენტმა უზენაესში არც ერთი კანდიდატი

ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის სამინისტროს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით განსხვავებულ აზრს წარუდგენს და დეპუტატებს მოუწოდებს, მხარი არც ერთ კანდიდატს დაუჭირონ. 

ჯანეზაშვილი 10 მიზეზს ასახელებს, რის გამოც პარლამენტმა კანდიდატები უზენაეს სასამართლოში უვადოდ არ უნდა დანიშნოს: 

1. 20 ივნისის კენჭისყრა და გამოვლენილი დარღვევები

იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისგან, მაგრამ დღეისათვის საბჭოს არ ჰყავს თავმჯდომარე და საქმიანობას ახორციელებს 14 წევრის შემადგენლობით. გარდა ამისა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევის პროცედურებს ჩამოშორდა მდივანი გიორგი მიქაუტაძე, შესაბამისად, პარლამენტისთვის წარსადგენი 20 კანდიდატის შერჩევის პროცესში, ძირითად შემთხვევებში, მონაწილეობდა საბჭოს არაუმეტეს 13 წევრისა. 

საქართველოს სახალხო დამცველი აკვირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს. მიმდინარე წლის 20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი ფარული კენჭისყრა გაიმართა, რის შედეგადაც გამოვლინდა შემდეგ ეტაპზე გადასული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 კანდიდატი. სახალხო დამცველი საკუთარ ანგარიშში აღნიშნავს, რომ „იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართული პირველი ფარული კენჭისყრა და მასზე დაკვირვების შედეგები ავლენს იმ პრობლემებსა და ხარვეზებს, რომლებიც აღნიშნულ პროცესს ახლავს და საფრთხეს უქმნის მის მაღალი სტანდარტებით წარმართვას“.

ომბუდსმენი ასევე აღნიშნავს, რომ 20 ივნისის ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 13 წევრი, რომელთაგან თითოეულს ჰქონდა 1 ბიულეტენი და 20 ხმა. ბიულეტენებისა და მიცემული ხმების დათვლის პროცესზე დაკვირვებამ გამოავლინა 13-დან 10 ბიულეტენი, რომელიც შემოხაზული იყო ერთნაირი სქემითა და დამთხვევების ძალიან მაღალი ხარისხით.

აღნიშნული დამთხვევა იწვევს ეჭვს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების უმრავლესობა (ხმის უფლების მქონე 13 წევრიდან 10 წევრი) წინასწარ შეთანხმდა ხმათა ისეთ განაწილებაზე, რომ მოკლე სიაში შეეყვანა 45 კონკრეტული განმცხადებელი. ამავე გამოწვევაზე საუბრობს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისიც (ODIHR).

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან გიორგი მიქაუტაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად დარღვევით რეგისტრაცია

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ადგენს პირის მიერ შერჩევის პროცედურაში მონაწილეობისათვის წარსადგენი განცხადების ფორმას და თანდართული დოკუმენტების ნუსხას.

შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2019 წლის 6 მაისს მიიღო გადაწყვეტილება #1/41, რომელსაც საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე აწერს ხელს, და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურაში მონაწილეობისათვის დაამტკიცა შემდეგი:

  • წარსადგენი განცხადების ფორმა, სადაც მითითებულია, რომ განაცხადი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას არანაკლებ 3 რეკომენდატორის შესახებ;
  • კანდიდატის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას გამოსაყენებელი რეკომენდაციის სტანდარტული ფორმა;
  • სპეციალური კითხვარი;
  • მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების ფორმა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე1 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას პირის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ, თუ იგი აკმაყოფილებს მოსამართლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მას, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, სრულყოფილად აქვს წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები.

ამრიგად, განმცხადებელი კანდიდატად უნდა დარეგისტრირდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის აკმაყოფილებს მინიმალურ ფორმალურ მოთხოვნებს, რაშიც იგულისხმება განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების სრულყოფილად წარდგენა.

განაცხადის ფორმაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ, ნაცვლად სავალდებულო 3 რეკომენდატორისა, მიუთითა 2-ის შესახებ ინფორმაცია. ამიტომ მიმაჩნია, რომ მას არ უნდა გადაელახა შერჩევის პირველი ფორმალური ეტაპი. თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ის კანდიდატად დაარეგისტრირეს და, შესაბამისად, შემდგომ ეტაპებზეც დარღვევით გადაიყვანეს.

აღნიშნული დარღვევის შესახებ მაშინვე განვაცხადე, თუმცა არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა და არც მოსამართლე წევრებმა არ გაითვალისწინეს ჩემი მოსაზრება. საგულისხმოა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის პირველი ეტაპის ანგარიშში აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რომლებმაც ხმა მისცეს იმის სასარგებლოდ, რომ ის [გ. მიქაუტაძე] აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, განაცხადეს, რომ სამივე რეკომენდაციის არარსებობა არ იყო ამ ეტაპიდან გამორიცხვის საფუძველი და ყველა შემთხვევაში მესამე რეკომენდატორი არ იყო საჭირო, რადგან განმცხადებელი კარგად იყო ცნობილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის.

3. ინტერესთა კონფლიქტი 

ევროსაბჭოს მიხედვით, ინტერესთა კონფლიქტი განიმარტება, როგორც „სიტუაცია, რომელშიც საჯარო თანამდებობის პირს აქვს კერძო ინტერესი, რაც  გავლენას ახდენს ან, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს მის მიერ მასზე, როგორც საჯარო პირზე დაკისრებული მოვალეობების მიუკერძოებელ და ობიექტურ შესრულებაზე“. იმავე დადგენილების თანახმად, ინტერესთა კონფლიქტი შეიძლება ეხებოდეს კერძო ინტერესებს ან პასუხისმგებლობებს, დაკავშირებულს შესაბამის ინტერესებთან. საჯარო თანამდებობის პირის კერძო ინტერესთან მიმართებაში ეს შეიძლება მოიცავდეს მისთვის, მისი ოჯახის, ახლო ნათესავების, მეგობრების, ან იმ პირების ან ორგანიზაციებისთვის რაიმე უპირატესობის მოპოვებას, ვისთანაც მას აქვს ბიზნეს ან პოლიტიკური ხასიათის ურთიერთობები. პასუხისმგებლობა ასევე მოიცავს ფინანსურ და ეკონომიკურ ვალდებულებებს.  

ინტერესთა კონფლიქტის შესახებ მსგავსი განმარტებაა მოცემული ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანგარიშში, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია კარგ მმართველობაზე. ამ ანგარიშის მიხედვით, ინტერესთა კონფლიქტი მოიცავს კონფლიქტს საჯარო თანამდებობის პირის  საჯარო-სამართლებრივ მოვალეობასა და კერძო ინტერესს შორის, რომელშიც საჯარო თანამდებობის პირის კერძო ინტერესმა შეიძლება შეუსაბამო გავლენა მოახდინოს მისი ოფიციალური მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების შესრულებაზე.

საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით, ინტერესთა შეუთავსებლობა შემდეგნაირად განიმარტება: „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობა“ არის საჯარო მოსამსახურის ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესის დაპირისპირება საჯარო დაწესებულების ინტერესებთან.

4. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, როგორც იუსტიციის საბჭოს აპარატის ხელმძღვანელის ინტერესთა კონფლიქტი

გიორგი მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ სხდომებსა და გასაუბრებაში არ მონაწილეობდა. მიუხედავად ამისა, მან შეინარჩუნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის სტატუსი და ხელმძღვანელობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად,  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს, იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის (სამსახურში მიღების) და თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ.

ასე რომ, გიორგი მიქაუტაძის დაქვემდებარებაში იყო საბჭოს ის დეპარტამენტი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატთა ობიექტურად და სრულფასოვნად შეფასების მიზნით, კანონით დადგენილი წესით აგროვებდა ინფორმაციას კანდიდატების, მათ შორის გიორგი მიქაუტაძის შესახებ, რაც ერთმნიშვნელოვნად ინტერესთა კონფლიქტია.  

საბოლოოდ, გიორგი მიქაუტაძის შესახებ მოძიებულ მასალებში ვერ მოხვდა ინფორმაცია ისეთი მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის საქმის შესახებ, რომელშიც ის ფიგურანტია. შესაბამისად, გაჩნდა კითხვა, თუ რამდენად სრულფასოვნად იქნა მოძიებული ყველა საჭირო ინფორმაცია და რამდენად ობიექტურად იქნა შესწავლილი წარსული მის შესახებ. მოგვიანებით, როდესაც დავსვი კითხვები ამ საქმესთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეფასების დეპარტამენტმა კანონით დადგენილი ვადების გასვლის შემდეგ გამოითხოვა ინფორმაცია პროკურატურისგან და დაამატა გიორგი მიქაუტაძის შესახებ მასალებში 2019 წლის 15 ივლისს. ამასთან, საინტერესოა საქართველოს პროკურატურის პასუხის შინაარსი, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქმეზე გრძელდება გამოძიება.

კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე თუ ეს მხოლოდ პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი იყო, შესაბამისი ზომების არმიღებამ ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად და იმ გარემოებამ, რომ გიორგი მიქაუტაძეს არ უთქვამს უარი უპირატესობაზე, რომელიც მას, როგორც მდივანს, ჰქონდა, რეალური ინტერესთა კონფლიქტი დაადასტურა.

მიქაუტაძის ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით ეუთოს (ODIHR) ანგარიშშიც არის საუბარი, სადაც აღნიშნულია, რომ ვინაიდან გიორგი მიქაუტაძე ინარჩუნებდა საბჭოს მდივნის და საბჭოს ადმინისტრაციული ხელმძღვანელის თანამდებობებს, ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე კითხვები მაინც ძალაში დარჩა.

5. უმაღლესი საბჭოს მდივნის ხელმისაწვდომობა სხვა კანდიდატების განაცხადებზე შიდა ელექტრონული პორტალის მეშვეობით

გიორგი მიქაუტაძეს, შერჩევის პროცესის დაწყებიდან ბოლო ეტაპამდე, ხელი მიუწვდებოდა სხვა კანდიდატების მიერ ელექტრონულად შევსებულ ყველა განაცხადზე და თანდართულ დოკუმენტზე, რომლებიც მათ საბჭოში წარმოადგინეს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ მიუღია გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც გიორგი მიქაუტაძეს შერჩევის მთელი პროცესის განმავლობაში არ ექნებოდა შესაძლებლობა, გასცნობოდა სხვა კანდიდატების შესახებ ყველა ინფორმაციას, რომელიც, როგორც წესი, ხელმისაწვდომია საბჭოს თითოეული წევრისთვის შიდა ელექტრონული პორტალის მეშვეობით.

ცხადია, ამით არ ვამტკიცებ იმას, რომ მან ისარგებლა ამ ინფორმაციაზე  ხელმისაწვდომობით, მაგრამ თავისთავად ეს შესაძლებლობა, რომელიც ჰქონდა მხოლოდ მას და არცერთ სხვა რომელიმე კანდიდატს, პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებდა. პრივილეგიას, სხვების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება მაშინ, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიმდინარე წლის 13 ივნისის წერილით უარი უთხრა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის გასაჯაროებაზე, პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივზე მითითებით.  როგორც კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ განაცხადა, საბჭოს მიერ კანონის ამგვარი ინტერპრეტაცია აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ საბჭო გარკვეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის დამალვას ცდილობდა. სიზუსტისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დაგვიანებით, მაგრამ ეს ინფორმაცია საბოლოოდ გასაჯაროვდა. 

6. უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების, თამარ ონიანისა და ირაკლი შენგელიას ინტერესთა კონფლიქტი

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ შეიმუშავა რეკომენდაციები ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. მისი სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, მნიშვნელოვანია შემდეგი წესების შესრულება:

  • საზოგადოებრივი ინტერესი უპირველესია;
  • გადაწყვეტილების მიღების გამჭვირვალობა უზენაესია. ეს ნიშნავს ობიექტური შესწავლის ხელშეწყობას და ინტერესთა კონფლიქტების შესახებ გაცხადების სისტემის ამოქმედებას;
  • მართვა ინდივიდუალური პასუხისმგებლობით და პირადი მაგალითით;
  • ისეთი ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბება, რომლის პირობებშიც  ინტერესთა კონფლიქტისადმი ტოლერანტულობა დაუშვებელია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრაქტიკა რადიკალურად განსხვავებულია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორ მოსამართლე წევრთან - თამარ ონიანსა და ირაკლი შენგელიასთან მიმართებაში სახეზე იყო ინტერესთა კონფლიქტი. მათ ჰქონდათ ნათესაური კავშირი კანდიდატებთან - თამარ ონიანის მაზლია ზურაბ აზნაურაშვილი (როგორც თავად თ. ონიანი აცხადებს - ყოფილი), ხოლო ირაკლი შენგელიას ცოლისძმაა ლევან თევზაძე. აღნიშნულ წევრებს თვითაცილების საკითხი არ დაუყენებიათ და საბჭოს დანარჩენი წევრების უმრავლესობამაც მათი პოზიცია გაიზიარა. ასევე, ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ირაკლი ბონდარენკო არის ლევან თევზაძის შვილის ნათლია, რისი უარყოფაც მათი მხრიდან არ მომხდარა. აღნიშნულზე საუბარია ასევე ეუთოს (ODIHR) დასკვნაში.

მოგეხსენებათ, წარმოდგენილი კანდიდატების სიაში არ მოხვდნენ არც ზურაბ აზნაურაშვილი და არც ლევან თევზაძე. თუმცა ამით ბევრი არაფერი იცვლება, რადგან მათ, სწორედ იმიტომ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჰყავდათ ნათესავები და ახლობლები, რომლებიც მათ ლობირებდნენ, სავარაუდოდ, დაიკავეს სხვა კანდიდატების ადგილი 50 კანდიდატისაგან შემდგარ სიაში, რომლებსაც მოუსპეს შესაძლებლობა, თუნდაც გასაუბრებაზე გამოსულიყვნენ.

7. კანონდარღვევით შედგენილი კენჭისყრის შედეგების ოქმი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე1 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, პირველი კენჭისყრის დასრულებისას (ამ შემთხვევაში, როდესაც შედგა 50 კანდიდატის სია) დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

გიორგი მიქაუტაძე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ვალდებული იყო, კენჭისყრის ჩატარების შემდგომ ხელი მოეწერა შესაბამის ოქმზე. მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ ითვალისწინებს სხვა ალტერნატივას, აღნიშნულ ოქმს ხელი მოაწერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა, თუმცა რა სტატუსით ან რომელი ნორმის საფუძველზე, გაურკვეველია და ცხადია, რომ ორგანული კანონი ასეთ რამეს არ ითვალისწინებს. 

8. დიმიტრი გვრიტიშვილი, როგორც საბჭოს სხდომების არაუფლებამოსილი თავმჯდომარე

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-15 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობისას ან სხვა შემთხვევაში, თუ არსებობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის მოწვევის კანონით დადგენილი აუცილებლობა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას იწვევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

ამავე მუხლის მე-16 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. 

იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტურია, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, რომელსაც ასეთ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარის უფლებამოსილება ეკისრება, თავად იყო კანდიდატი და სხდომებში საერთოდ არ მონაწილეობდა. კანონი კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გარდა, თავმჯდომარის უფლებამოსილების სხვა პირზე დაკისრების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

მიუხედავად ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა სხდომას, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის პროცედურებს ეხებოდა, ხელმძღვანელობდა არაუფლებამოსილი პირი, მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე, რომლებიც დიმიტრი გვრიტიშვილის თავმჯდომარეობით გაიმართა, მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:

7 ივნისი - №1/108 გადაწყვეტილება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირთა კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ.

20 ივნისი - №1/136 გადაწყვეტილება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის შემდგომ ეტაპზე გადასული კანდიდატების შესახებ.

4 სექტემბერი - №1/187 გადაწყვეტილება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის შემდგომ ეტაპზე გადასული კანდიდატების შესახებ.

სხდომები, სადაც აღნიშნული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, არ იყო მოწვეული კანონის შესაბამისად და არ თავმჯდომარეობდა უფლებამოსილი პირი. ამიტომ ასეთ სხდომებზე მიღებული ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები არ შეიძლება მიჩნეული იქნეს კანონიერად.

9. კენჭისყრის თაობაზე კანონის მოთხოვნების უგულებელყოფა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია, რომ კანდიდატების გასაუბრების ეტაპზე გადაყვანის თაობაზე, ჩაატაროს ფარული კენჭისყრა „თავის მიერ განსაზღვრული პროცედურით". მიუხედავად იმისა, რომ ორგანული კანონი ავალდებულებდა საბჭოს, წინასწარ განესაზღვრა კენჭისყრის პროცედურები, რეალურად ეს ასე არ მომხდარა. ამის შესახებ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოვითხოვე, დაგვედგინა კენჭისყრის შესაბამისი პროცედურები, რაზეც უმრავლესობამ მხარი არ დამიჭირა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეუთოს (ODIHR) ანგარიშში ამ საკითხზე ნათქვამია: „სხდომის დასაწყისში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების უმრავლესობამ არ დაუჭირა მხარი არამოსამართლე წევრის მოთხოვნას, რომ საბჭოს მიეღო კანონში მითითებული პროცედურა“. პროცედურის არმიღებამ შეზღუდა პროცესის გამჭვირვალობა და სამართლებრივი სიცხადე.

9. სხდომების საჯაროობის ნაკლებობა, სხდომის დროისა და დღის წესრიგების დაგვიანებით გამოქვეყნების თვალსაზრისით 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია, რომ სხდომის გამართვამდე არანაკლებ 7 დღით ადრე საბჭოს ვებგვერდზე გამოაქვეყნოს სხდომის გამართვის თარიღისა და დღის წესრიგის თაობაზე ინფორმაცია. თუმცა კანონის ამ მოთხოვნას იუსტიციის უმაღლესი საბჭო რეგულარულად არღვევს არა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევასთან მიმართებაში, არამედ სხვა საჯარო სხდომების დროსაც. 

10. მოსამართლე წევრების მხრიდან სამოსამართლო ეთიკის სტანდარტების დარღვევა 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების შერჩევის პროცესი ზოგადად დაძაბულ ფონზე მიმდინარეობდა, რამაც პიკს გასაუბრების დროს მიაღწია.  ამ კუთხით ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ მოსამართლე წევრები, ფაქტობრივად, რეგულარულად არღვევდნენ სამოსამართლო ეთიკის წესებს, სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპებს, თუმცა დამოუკიდებელი ინსპექტორის და ამავდროულად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ქეთევან ცინცაძის მხრიდან ამ ფაქტებზე რეაგირების შესახებ ინფორმაცია ჩემთვის ცნობილი არ არის. 

ეუთოს (ODIHR) ანგარიშშიც არის საუბარი ამის შესახებ, კერძოდ, პირად შეურაცხყოფებზე, ღვარძლიან ბრალდებებზე და დამამცირებელ კომენტარებზე, რომლებიც ზოგჯერ სექსისტური იყო. ასევე ნიშნადობლივია, რომ დიმიტრი გვრიტიშვილი, სხდომის მოქმედი თავმჯდომარე, „ზოგადად არ ცდილობდა წესრიგის და ეტიკეტის უზრუნველყოფას სხდომების დროს, კონფლიქტს აძლევდა ესკალაციის საშუალებას და თავადაც მონაწილეობდა წესრიგის დარღვევაში“. 

______________________________________

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 20 კანდიდატს პარლამენტი გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში გაესაუბრა. კანდიდატებს დეპუტატები კენჭს სათითაოდ უყრიან და დანიშნავენ ან არ დანიშნავენ უვადო მოსამართლეებად. 

მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ომბუდსმენმა შეაფასა, როგორც არაკონსტიტუციური და საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა. 

როგორც ლომჯარია ამბობს, საკონსტიტუციო სარჩელი ეფუძნება ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნებს კანონპროექტთან დაკავშირებით და ასევე მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მონიტორინგისას გამოვლენილ გარემოებებს. მონიტორინგი ჩაატარა როგორც სახალხო დამცველმა, ისე ეუთო/ოდირმაც

ომბუდსმენის თქმით, განსაკუთრებით პრობლემატური ორი საკითხი იყო:

"პირველ რიგში ის, რომ კანდიდატების შერჩევის საკითხზე გადაწყვეტილების ფარულად და დასაბუთების გარეშე მიღება ხდება და მეორე ის, რომ მათი გასაჩივრების შესაძლებლობა არ არსებობს". 

_______________________________________

2018 წლის 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის თავისი თავიც: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

გიორგი მიქაუტაძემ თქვა, რომ პარლამენტის წინაშე უზენაესი სასამართლოს 18-დამ 10 ვაკანტურ თანამდებობაზე დასამტკიცებლად სწორედ ეს ადამიანები წარსდგებოდნენ. სია საბჭოს რამდენიმე წევრმა წინა ღამით, ყოველგვარი პროცედურის დარღვევით შეადგინა. სიის შედგენაში ჩართულები არ ყოფილან საბჭოს არამოსამართლე წევრები, არც არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. არ ჩატარებულა კონკურსი და გასაუბრება.

როგორც სიის შემადგენლობას, ისე მისი მიღების ფორმას პროტესტი მოჰყვა, საბოლოოდ კი, 2019 წლის იანვარში სიაში მყოფმა ადამიანებმა საკუთარი კანდიდატურები გაიწვიეს.

კონკურსი ხელახლა გამოცხადდა.

თავდაპირველად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განაცხადი 144-მა კანდიდატმა წარადგინა. საბოლოოდ საბჭომ 137 მათგანის კანდიდატურა განიხილა და მოკლე სია შეადგინა, რომელშიც 50 მოსამართლე შევიდა. მათგან 20 უზენაესი სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე უნდა გახდეს. საბჭომ სწორედ 20 კანდიდატი შეარჩია და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინა. 

კომენტარები