სირია

თურქეთი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დაკავებული მებრძოლების სამშობლოში დაბრუნებას იწყებს

0 კომენტარი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ფოტო: Reuters

თურქული სახელმწიფო მედია TRT Haber ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თურქეთი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დაკავებული მებრძოლების სამშობლოში დაბრუნებას იწყებს.

მანამდე თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გაავრცელა გაფრთხილება, რომ ოფიციალური ანკარა პატიმრების რეპატრიაცას იმ შემთხვევაშიც მოახდენდა, თუ მათ მოქალაქეობას ჩამოართმევდნენ.

ჯერ-ჯერობით უცნობია რამდენი ჯიჰადისტის რეპატრიაცია იგეგმება. რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიხედვით თურქეთის ციხეებში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 1,201 მებრძოლია დაკავებული, ხოლო სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ კიდევ 287 დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბერს თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში ოპერაცია “მშვიდობის წყარო” დაიწყო, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ამ ტერიტორიიდან ამერიკელი ჯარისკაცები გაჰყავდა. ერდოღანმა თქვა, რომ ოპერაცია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს და ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირის/ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ იყო მიმართული.

მძიმე დარტყმები მიიღეს სირიის დემოკრატიულმა ძალებმა. ოპერაციის დაწყებიდან დაიღუპა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე. 160,000-ზე მეტ ადამიანს სახლების მიტოვება მოუხდა. არეულობის გამო ციხეებიდან და ბანაკებიდან გაიქცა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული 500-ზე მეტი ადამიანი.

სირიიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილების გამოცხადებასთან ერთად თეთრ სახლში თქვეს, რომ ე.წ. ისლამურის სახელმწიფოს დაკავებულ მებრძოლებზე პასუხისმგებლობა თურქეთს დაეკისრებოდა, ტრამპმა კი საკუთარ ტვიტერზე დაწერა:

"ჩვენ მალე დავამარცხეთ ხალიფატი 100%-ით და დავიჭირეთ ათასობით მებრძოლი, მათი უმეტესობა ევროპიდან. მაგრამ ევროპას არ სურდა მათი უკან მიღება. მათ გვითხრეს ამერიკაში დაიტოვეთო! მე ვუთხარი "არა, ჩვენ თქვენ დიდი საქმე გაგიკეთეთ და ახლა გსურთი ისინი უდიდესი ხარჯით ამერიკულ ციხეებში გვყავდეს. ისინი თქვენი გასასამართლებლები არიან." მათ კვლავ უარი თქვეს და ფიქრობდნენ, როგორც ყოველთვის, რომ აშშ მოტყუვდებოდა, ნატოზე, ვაჭრობაზე, ყველაფერზე."

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები