კრიმინალი

9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც სამი მაღაზია გაქურდა და დაცვის თანამშრომელი დაჭრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქურდობასა და დაცვის თანამშრომლის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ი.ა-ს მას სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პროკურატურა გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

პროკურატურის ინფორმაციით, დადასტურდა, რომ 2018 წლის 14 ივნისს, თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიაში ი.ა.-ს და მაღაზიის გამყიდველ ე.ჟ.-ს შორის შელაპარაკება მოხდა.

"მაღაზიის გამყიდველმა დაცვის სამსახურის თანამშრომლები გამოიძახა. დაცვის თანამშრომლები ჟ.კ. და ლ.წ. დაძაბული სიტუაციის განმუხტვას შეეცადნენ, მოუწოდეს ი.ა.-ს დაწყნარებულიყო და აგრესიული ქმედება შეეწყვიტა. აღნიშნულით განაწყენებულმა ი.ა.-მ შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით, ჟ.კ-ს დანით გულმკერდის არეში ორი ჭრილობა მიაყენა. ლ.წ.-ს აქტიური მოქმედების შედეგად და იმის გამო, რომ დანა მკერდის ძვალმა შეაჩერა, ი.ა.-მ განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა" - აცხადებს პროკურატურა.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ასევე დადასტურდა, რომ ი.ა.-მ 2018 წლის 7 ივნისს, თბილისში მდებარე სამი მაღაზიიდან გასაყიდი პროდუქცია მოიპარა.

სამართალდამცველებმა ი.ა. 2018 წლის 14 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 19,109- ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დაკავშირებული მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან) და ქურდობის სამ ეპიზოდზე 177-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდობა, ქურდობა რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვია) წარედგინა.

კომენტარები