ტაბულას ჟურნალისტზე თავდასხმა

ტაბულას ჟურნალისტზე თავდასხმის გამოძიებას 126-ე მუხლი დაემატა, მოძალადე დაკავებული არ არის

On.ge

9 ნოემბერს ძალადობრივი დაჯგუფების წევრის მიერ ტაბულას ჟურნალისტზე ძალადობასა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას ძალადობის (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე) მუხლი დაემატა. ამის შესახებ ტაბულას ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში მიაწოდეს, თუმცა "მხილებული" და ტაბულას ჟურნალისტის მიერ ამოცნობილი პირისთვის ბრალი კვლავ არ წარუდგენიათ. 

ნებისმიერ შეკითხვაზე, მაგალითად, აქვს თუ არა პირს ბრალი წარდგენილი და დაემატება თუ არა ტაბულას დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილი კიდევ ერთი (პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა) მუხლი შინაგან საქმეთა სამინისტროში გვპასუხობენ, რომ "გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები". 

ჟურნალისტმა ცისია კირვალიძემ სამმართველოში მოძალადე 9 ნოემბერსვე ამოიცნო.

ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები ტაბულას ჟურნალისტს, ცისია კირვალიძეს, აქციის გაშუქებისას თავს დაესხნენ, ფიზიკურად შეეხნენ და ხელიდან მობილური გააგდებინეს. ჟურნალისტი ძალადობრივ აქციას აშუქებდა.

აქციის რამდენიმე მონაწილეს LIVE-ში ყოფნისას ჟურნალისტის კომენტარები არ მოეწონა, რასაც ერთერთი მათგანის მხრიდან, კირვალიძეზე ფიზიკური ძალადობა მოჰყვა. პოლიცია ადგილზე არ იმყოფებოდა.

ძალადობრივი აქციის მონაწილის მხრიდან ტაბულას ჟურნალისტზე ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თავდაპირველად სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ითვალისწინებს. 

ტაბულა მოითხოვს საგამოძიებო უწყებამ გადააკვალიფიციროს მის ჟურნალისტ ცისია კირვალიძეზე თავდასხმის გამოძიება.

"საქმეს უნდა მიეცეს მსვლელობა სსკ-ის 154-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლას. შესაბამისად, გამოძიებამ უნდა გადააკვალიფციროს აღნიშნული მუხლები", - ამბობს ტაბულას იურისტი დიტო ხვიჩია.

კომენტარები