ტურიზმი

ოქტომბერში ევროკავშირიდან ვიზიტორების რაოდენობა მესამედით გაიზარდა

ehtta.eu

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ოქტომბრის ტურიზმის სტატისტიკა გამოაქვეყნა. 

ოთხი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა აკრძალა. სანქციების მიუხედავად, ტურიზმის ზრდის ჯამური დინამიკა დადებითია. საქართველოში ტურისტული ნაკადი გაიზარდა ივლისში [1%], აგვისტოში [2,3%], სექტემბერშიც [0,6%].

ცხადია, რუსეთთან ავიამიმოსვლის შეჩერებამ ჯამურად ტურიზმის სექტორზე უარყოფითად იმოქმედა, თუმცა ოქტომბრის მონაცემების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ტურიზმის ინდუსტრიამ ეს კრიზისი გადალახა.

წინა თვეში გაიზარდა როგორც ტურისტული ვიზიტების, ასევე, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობაც. ტურისტული ნაკადის რაოდენობამ 438, 805 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 7,8%-ით მეტია. . 

რუსეთისგან მიყენებული ზიანი ინდუსტრიამ სხვა სახელმწიფოებიდან ნაკადის ზრდის ხარჯზე დაფარა. მნიშვნელოვანია ტურისტული ნაკადის ზრდა იმ სახელმწიფოებიდან, რომლის მოქალაქეებიც შედარებით მაღალი საშუალო ხარჯით გამოირჩევიან. 

ამ კუთხით კრიტიკული მნიშვნელობისაა, ევროკავშირის ბაზარი. წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, 2019 წლის ოქტომბერში საქართველოს ევროკავშირის 32%-ით მეტი მოქალაქე ეწვია. 

თუ 2018 წლის ოქტომბერში საქართველოს ევროკავშირის 42,181 მოქალაქე ეწვია, იგივე მაჩვენებელმა წლევანდელ ოქტომბერში 55,774 შეადგინა. მატება 13,593-ია. ევროკავშირიდან ტურიზმის ზრდა აისხა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის სტრუქტურაზეც. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ცნობით სექტემბერში ევროკავშირიდან ტურიზმის შემოსავალმა რუსეთიდან მიღებულ შემოსავალს გადააჭარბა.

რაც შეეხება რუსეთის ბაზარს ოქტომბერში კლებამ 15% შეადგინა, ამ კლების მიუხედავად 2019 წლის პირველ ათ თვეში საქართველოს უფრო მეტი რუსი ვიზიტორი ეწვია, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოში. 

რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებს აქ ზრდა 8,8%-ია და 782, 670 ვიზიტი დაფიქსირდა. 

 

კომენტარები