NATO

პოლონეთის პრემიერი მაკრონს: მშვიდობის და თავისუფლების დასაცავად NATO ყველაზე მნიშვნელოვანია

0 კომენტარი
მატეუშ მორავეცკი

პოლონეთის პრემიერმინისტრი მატეუშ მორავეცკი NATO-ზე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის კომენტარებს გამოეხმაურა.

მაკრონმა თქვა, რომ NATO "ტვინის სიკვდილს" განიცდის, მორავეცკიმ კი მის განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა და თქვა, რომ მაკრონის მიერ იმის ეჭვქვეშ დაყენება შეუძლიათ თუ არა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებს თავდაცვის საკითხში ერთმანეთის იმედი ჰქონდეთ, სახიფათოა.

"მე ვფიქრობ პრეზიდენტ მაკრონის ეჭვებმა კოლექტიური თავდაცვის შესახებ შესაძლოა სხვა მოკავშირეებს აფიქრებინოს, რომ საფრანგეთს მის შესრულებასთან დაკავშირებით შეშფოთებები აქვს. იმედი მაქვს კვლავ შეგვიძლია ვენდოთ საფრანგეთს, რომ ვალდებულებებს შეასრულებს.

NATO ყველაზე მნიშვნელოვანი ალიანსია, როდესაც საქმე მშვიდობის და თავისუფლების დაცვას ეხება." თქვა მან Financial Times-თან ინტერვიუში.

მან გააკრიტიკა მაკრონის იდეაც, NATO-ში არსებული პრობლემების დამოუკიდებელი სამხედრო სტრატეგიებით გადაჭრის თაობაზე და მოსკოვთან დიალოგის განახლებაზე. მას მიაჩნია, რომ NATO პოლონეთის უსაფრთხოების მთავარი გარანტორია:

"ევროპა თავს ვერ მოაჩვენებს, თითქოს არაფერი მომხდარა უკრაინაში, ბელარუსში, საქართველოში. ჩვენ ვემხრობით მშვიდობიან და დემოკრატიულ რუსეთთან თანამშრომლობას, მაგრამ რუსეთი მშვიდობიანი არ არის და მის გარშემო საკმაოდ აგრესიულად იქცევა. პრეზიდენტ მაკრონს განსხვავებული პოზიცია აქვს იმიტომ, რომ რუსული დათვის ცხელს სუნთქვას საკუთარ კეფაზე ვერ გრძნობს. ჩემი აზრით ევროკავშირის სოლიდარობა ისეთი მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რომ ევროკავშირის ლიდერებმა უყურადღებოდ არ დატოვონ ევროკავშირის პარტნიორები თავშეკავება რუსეთთან მიმართებით." თქვა მან. 

მორავეცკიმ კომენტარი NATO-ს მიმართ ტრამპის დამოკიდებულებაზეც გააკეთა, რომელსაც წასრულში ნათქვამი აქვს, რომ ალიანსი მოძველებულია. მას მიაჩნია, რომ მთავარი პრობლემა არა ტრამპის ამბივალენტურობა, არამედ ევროპელი წევრების მხრიდან ვალდებულებების არ შესრულებაა:

"აშშ ყოველთვის მხარს უჭერდა ევროპას და რომ არა აშშ-ის მხარდაჭერა, ევროპა ვერ გათავისუფლდებოდა ნაცისტური ოკუპაციისაგან. საფრანგეთი თავდაცვაზე მშპ-ის 2%-ზე ნაკლებს ხარჯავს. ჩემი აზრით საკითხავია რატომ არ გამოიყურება NATO-ს ზოგიერთი ასპექტი ისე, როგორც გვსურს. და ეს არა ალიანსის მიმართ აშშ-ის მხრიდან ვალდებულებების შესრულების ნაკლებობის, არამედ ევროპელი მოკავშირეების მხრიდან საპასუხო ქმედების ნაკლებობის ბრალია."

მაგალითად კი მორავეცკის NATO-ს ევროპელი მოკავშირეების მეტოქეებთან, მათ შორის რუსეთთან შეთანხმებული ურთიერთობის კუთხით არსებული ჩავარდნა მოჰყავს, კონკრეტულად კი Nord Stream 2-ის პროექტში ფრანგული ფირმის ჩართულობა. გაზსადენი რუსული გაზის გერმანიისათვის მიწოდებას ემსახურება და ენერგორესურსების მხრივ ევროპის რუსეთზე დამოკიდებულებას გაზრდის, რის გამოც მას აშშ და პოლონეთი აკრიტიკებენ.

"როგორც ზოგიერთი პირდაპირ ამბობს, Nord Stream 2 ჩვენი ევროპული ფულით რუსულ შეიარაღებას აფინანსებს. ვფიქრობ, რომ იმედგაცრუებას იწვევს, როდესაც ვხედავთ, რომ მსგავს პროექტებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისაგან მხარდაჭერა აქვთ."

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა Economist-თან ინტერვიუში თქვა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის "ტვინი მკვდარია" და მიზეზად აშშ-ის, როგორც ალიანსის მთავარი გარანტორის ქმედებები დაასახელა, მათ შორის სირიიდან სხვა წევრებთან კონსულტაციის გარეშე ძალების გაყვანა.

"რასაც ამჟამად განვიცდით არის NATO-ს ტვინის სიკვდილი." თქვა მაკრონმა და ალიანსის წევრები გააფრთხილა, რომ ალიანსის დაცვის კუთხით აშშ-ს იმედად ვეღარ იქნებიან. "ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გადავაფასოთ რეალობა იმის თაობაზე, თუ რა არის NATO, აშშ-ის მხრიდან პირობების შესრულების გათვალისწინებით."

მაკრონმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა NATO-ს კოლექტიური თავდაცვის ვალდებულების შესრულებაც. მან ევროპის ქვეყნებს მოუწოდა იფიქრონ საკუთარ თავზე, როგორც გეოპოლიტიკურ ძალაზე, რათა საკუთარი ბედი თავად განაგონ.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თქვა, რომ მაკრონის ამ რადიკალურ განცხადებას არ ეთანხმება.

NATO-ს დაარსებიდან 70 წლისთავს მომდევნო თვეს, ლონდონში დაგეგმილ სამიტზე აღნიშნავს. ალიანსში მაკრონის განცხადებაზე კომენტარი გააკეთეს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ კვლავ მყარად დგანან და ევროპელი მოკავშირეები უფრო მეტ ინვესტიციას დებენ თავდაცვაში.

"აშშ ზრდის ინვესტიციას ევროპაში მეტი ჯარისკაცების გამოგზავნით და წვრთნების ჩატარებით. რეალობა ისაა, რომ ჩვენ ერთად ვმუშაობთ. ჩვენ ვაძლიერებთ კოლექტიურ თავდაცვას. ნებისმიერი მცდელობა დააშორონ ალიანსი ჩრდილოეთ ამერიკისგან შეიცავს არამ ხოლოდ ალიანსის და ტრანსატლანტიკური კავშირების, არამედ ევროპის დასუსტების საფრთხეს." თქვა მან.

საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვებს მიესალმნენ რუსეთში და სრული სიმართლე უწოდეს.

"კარგად არის ნათქვამი. მართალი სიტყვებია. სწორად აღწერს ნატოს ამჟამინდელ მდგომარეობას" დაწერა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ Facebook-ზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ კი ბერლინში ვიზიტისას თქვა:

"70 წლის შემდეგ [NATO] უნდა გაიზარდოს და შეიცვალოს. ის უნდა დაუპირისპირდეს დღევანდელ რეალობებს და გამოწვევებს. თუ ქვეყნებს სჯერათ, რომ NATO-სათვის საჭირო რესურსების მიწოდების გარეშე უსაფრთხოების ბენეფიტების მიღებას შეძლებენ და თუ ისინი ვალდებულებებს არ შეასრულებენ, არის რისკი, რომ NATO არაეფექტური გახდეს." თქვა მან.

პომპეომ ასევე გააკრიტიკა რუსეთის მხრიდან პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის მეთოდები და ჩინეთის ტაქტიკა, რომელიც მან ყოფილ აღმოსავლეთ გერმანიას შეადარა.

ბერლინის კედლის დანგრევაზე საუბრისას პომპეომ თქვა:

"დასავლეთმა, ჩვენ ყველამ, დავკარგეთ გზა ამ საამაყო მომენტის შემდეგ. ჩვენ გვეგონა, რომ შეგვეძლო რესურსები ალიანსის და ჩვენი სამხედრო ძალების გარეთ მიგვემართა, მაგრამ ვცდებოდით. დღეს რუსეთი, რომელსაც KGB-ს ყოფილი ოფიცერი მართავს, რომელიც დრეზდენში იყო გამწესებული, იჭრება მეზობლების ტერიტორიაზე და ხოცავს პოლიტიკურ ოპონენტებს. ჩვენ არ გვსურს, რომ ევროპა ენერგორესურსების კუთხით დამოკიდებული გახდეს ვლადიმირ პუტინზე." თქვა მან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები