თურქეთი-აშშ

თურქეთმა აშშ-ში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრი ამერიკელი დააბრუნა

AFP

თურქეთმა აშშ-ში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრი ამერიკელი დააბრუნა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ქვეყნიდან აძევებენ ტერორისტული დაჯგუფების კიდევ 20 მებრძოლს, რომლებიც წარმოშობით გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ირლანდიიდან და დანიიდან არიან.

თურქული სახელმწიფო მედია TRT Haber-ის მიხედვით თურქეთს სულ 2,500-მდე ტერორისტის დაბრუნება სურს, მათი უმეტესობა ევროპის ქვეყნებიდან არიან.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ 102 ქვეყნიდან ე.წ. ისლამური სახლემწიფოს რიგებში საბრძოლველად ჩასული და შემდეგ დაკავებული 7,600 ადამიანი უკვე დაადეპორტეს და სამშობლოში დააბრუნეს.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გაავრცელა გაფრთხილება, რომ ოფიციალური ანკარა პატიმრების რეპატრიაცას იმ შემთხვევაშიც მოახდენდა, თუ მათ მოქალაქეობას ჩამოართმევდნენ.

შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბერს თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში ოპერაცია “მშვიდობის წყარო” დაიწყო, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ამ ტერიტორიიდან ამერიკელი ჯარისკაცები გაჰყავდა. ერდოღანმა თქვა, რომ ოპერაცია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს და ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირის/ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ იყო მიმართული.

მძიმე დარტყმები მიიღეს სირიის დემოკრატიულმა ძალებმა. ოპერაციის დაწყებიდან დაიღუპა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე. 160,000-ზე მეტ ადამიანს სახლების მიტოვება მოუხდა. არეულობის გამო ციხეებიდან და ბანაკებიდან გაიქცა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული 500-ზე მეტი ადამიანი.

სირიიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილების გამოცხადებასთან ერთად თეთრ სახლში თქვეს, რომ ე.წ. ისლამურის სახელმწიფოს დაკავებულ მებრძოლებზე პასუხისმგებლობა თურქეთს დაეკისრებოდა, ტრამპმა კი საკუთარ ტვიტერზე დაწერა:

"ჩვენ მალე დავამარცხეთ ხალიფატი 100%-ით და დავიჭირეთ ათასობით მებრძოლი, მათი უმეტესობა ევროპიდან. მაგრამ ევროპას არ სურდა მათი უკან მიღება. მათ გვითხრეს ამერიკაში დაიტოვეთო! მე ვუთხარი "არა, ჩვენ თქვენ დიდი საქმე გაგიკეთეთ და ახლა გსურთი ისინი უდიდესი ხარჯით ამერიკულ ციხეებში გვყავდეს. ისინი თქვენი გასასამართლებლები არიან." მათ კვლავ უარი თქვეს და ფიქრობდნენ, როგორც ყოველთვის, რომ აშშ მოტყუვდებოდა, ნატოზე, ვაჭრობაზე, ყველაფერზე."

კომენტარები