ტურიზმი

პუტინის სანქციები და გაზრდილი ტურიზმი ევროკავშირიდან - რა ხდება ტურისტულ სექტორში

2013 წლიდან რუსეთის წილი საქართველოს ბაზარზე გამუდმებით იზრდება. დღევანდელი მდგომარეობით რუსეთი საქართველოს სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორია. ცხადია, ეს დინამიკა ტურისტულ სექტორზეც აისახა.

2016-2018 წლებში საქართველოს რუსეთის 3,4 მილიონი მოქალაქე ეწვია. ამ დროის განმავლობაში რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა სწრაფად იზრდებოდა, ტენდენცია კლებით 8 ივლისის შემდეგ შეიცვალა. ივლისიდან მოყოლებული რუსი ვიზიტორების რაოდენობა საშუალოდ 12,5%-ით იკლებს. 

ცხადია, ერთ-ერთი მთავარი და ტრადიციული ტურისტული ბაზრიდან ფრენების შეწყვეტამ უარყოფითი გავლენა მოახდინა, როგორც ტურისტული ნაკადზე, ასევე, სექტორიდან მიღებულ შემოსავალზეც. სულ ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი 141 მილიონი დოლარით შემცირდა. 

უნდა ითქვას, რომ შემოსავლების კლება რუსი ვიზიტორების შემცირებაზე მეტად, ირანელი ვიზიტორების დანაკლისმა განაპირობა. წელს საქართველოს 122 ათასი ირანელი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 139 ათასით ნაკლებია. დანაკლისი ირანიდან მით უფრო საგრძნობია იმის გათვალისწინებით, რომ ირანელი ვიზიტორები საშუალოდ თითქმის ორჯერ უფრო მეტს ხარჯავენ [2071 ლარი], ვიდრე რუსები 1253 ლარი]. 

მხოლოდ ირანელი ტურისტების დანაკლისით უხეში გაანგარიშებით ტურიზმის სექტორმა 287 მილიონი ლარი იზარალა, რაც მთლიანი დანაკლისის ნახევარზე მეტია. რთული პერიოდის მიუხედავად, ოქტომბრის ტურიზმის სტატისტიკა ცხადჰყოფს, რომ კრიზისი დაძლეულია. 

ოქტომბერში უშუალოდ ტურისტული ნაკადი 7,8%-ით, ხოლო საერთაშორისო მოგზაურობის ვიზიტები კი 8,8%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში საგრძნობი ზრდა აჩვენა ვიზიტორების ნაკადმა ევროკავშირიდან. წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, წელს საქართველოში ევროკავშირიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობა 32%-ით გაიზარდა. 

ამავდროულად, გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავალიც, ეს არის პირველი შემთხვევა ივლისის შემდეგ, როდესაც საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი კი არ შემცირდა, არამედ გაიზარდა. წინასწარი მონაცემებით, ოქტომბერში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 267 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 14 მილიონი დოლარით აღემატება. 

სექტემბერში ევროკავშირის ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა, რუსეთისას გადააჭარბა. მაშინ საქართველოს რუსეთის 147,725 რეზიდენტი ეწვია, ხოლო იგივე მაჩვენებელი ევროკავშირიდან 72,402-ს გაუტოლდა. ამგვარად გამოდის, რომ ევროკავშირის მოქალაქეები საქართველოში ორჯერ მეტს ხარჯავენ, ვიდრე რუსები. 

ჯამურად, ევროკავშირიდან მზარდმა ტურიზმმა უარყოფითი ეფექტის დაძლევაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. სულ მიმდინარე წელს საქართველოს ევროკავშირის 441, 271 მოქალაქე ეწვია, რაც წინა წლის მაჩვენებელს 25%-ით აღემატება. მიმდინარე წლის პირველ ათ თვეში ევროკავშირიდან ვიზიტების რაოდენობა 88 ათასით გაიზარდა. 

2018 წელს ევროკავშირიდან საქართველოში სულ 352,886 ვიზიტი შედგა. ცხადია, ევროკავშირი ჯერჯერობით არ არის იმავე მოცულობის ტურისტული ბაზარი, როგორიც ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები და მათ შორის, რუსეთი. ამის მიუხედავად, ამ მიმართულებით დადებითი დინამიკის შენარჩუნება საქართველოს ტურისტული ინდუსტრიისთვის უპირველესი ამოცანაა. მეტი ტურიზმი ევროკავშირიდან სექტორის გაზრდილ შემოსავალს ნიშნავს. 

სამთვიანი ვარდნის მიუხედავად, მიმდინარე წლის პირველი ორი კვარტლის მიხედვით საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი 95 მილიონი დოლარით არის გაზრდილი და 1,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. ოქტომბრის დადებითი დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი კიდევ უფრო გაიზრდება. 

უნდა ითქვას, რომ აკრძალვის მიუხედავად, წელს საქართველოს მაინც უფრო მეტი რუსი ტურისტი ეწვია, ვიდრე წინა წელს. 2019 იანვარ-ოქტომბერში საქართველოში 984, 533 რუსი ტურისტი ჩამოვიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 1.9%-ით აღემატება. 

კომენტარები