პროპორციული საარჩევნო სისტემა

პროპორციული საარჩევნო სისტემის განხილვა იწყება - ოპოზიცია მხარს უჭერს, "ოცნების" ნაწილი არა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას იწყებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარალამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება.

ცნობილია, რომ ცვლილებას მხარს უჭერს ოპოზიცია, თუმცა იგივე პოზიცია არ აქვს უმრავლესობის ნაწილს.

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას არ ემხრობა. კახა ოქრიაშვილის თქმით, ის ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს და იგივე პოზიცია აქვს თითქმის ყველა მაჟორიტარს. თუმცა, დეპუტატი აღნიშნავს, რომ მათ, გუნდურობის პრინციპიდან გამომდინარე, შეიძლება ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ პროექტს მხარი დაუჭირონ.

იმას, რომ ცვლილებებს საპარლამენტო უმრავლესობა სრულად არ უჭერს მხარს, ადასტურებენ საპარლამენტო უმრავლესობაშიც.

"შესაძლოა, უმრავლესობის რიგებში ყველამ არ დაუჭიროს მხარი. ეს შეიძლება იყვნენ მაჟორიტარები ან პარლამენტის ის წევრები, რომლებსაც მკაფიოდ განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ. უმრავლესობის უმეტესი ნაწილი რა თქმა უნდა, ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს, თუმცა ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ჩვენ მაინც არ გვაქვს ხმების საჭირო რაოდენობა", - ამბობს გიორგი კახიანი, დეპუტატი უმრავლესობიდან და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

ოპოზიციაში, კერძოდ ევროპულ საქართველოსა და ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ მიუხედავად შენიშვნებისა, ინიცირებულ ცვლილებებს მხარს დაუჭერენ. 

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, რადგან ცვლილებების შესახებ განცხადება ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, საეჭვოა, რომ მაჟორიტარების ნებას გადამწყვეტი სიტყვა ჰქონდეს.

"ევროპული საქართველო მხარს დაუჭერს როგორც ჩვენი, ოპოზიციური სპექტრის კანონპროექტს, ისე ქართული ოცნების უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს. ეს კიდევ ერთხელ იქნება დამატებითი წნეხი ქართული ოცნებისთვის, რომ მათ კიდევ ერთხელ არ გააკეთონ რაიმე მანევრი ისეთი, რაც შეუძლებელს გახდის ასეთ საკონსტიტუციო ცვლილებას. რაკი ნათქვამია თავად ივანიშვილის მიერ და ქართული ოცნების ლიდერების მიერ გაცხადებულია, რომ ეს ცვლილება უნდა მოხდეს, მე არ ვფიქრობ, რომ მაჟორიტარების დამოუკიდებელ ინდივიდუალურ ნებას რამე გადამწყვეტი სიტყვა ექნება", - ამბობს ჭიაბერაშვილი.

რომან გოცირიძე კი აღნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა არ მისცემს ქართულ ოცნებას შესაძლებლობას არ მიიღოს ცვლილებები და სხვას გადააბრალოს, ამიტომ, ინიციატივას მათი მხარდაჭერაც ექნება.

"ჩვენ უმრავლესობას არ მივცემთ სპეკულირებისა და თავიანთი შიდა არეულობის ინსპირაციის შემთხვევაში, სხვებზე გადაბრალების შესაძლებლობას. ჩვენ დავუჭერთ მხარს უმრავლესობის მიერ ინიცირებულ პროექტს, ნებისმიერ ვარიანტში. გარდა მაისა, ჩვენ გვექნება მცდელობა, რომ დავარწმუნოთ პარლამენტი, რომ ის ვარიანტი, რომელიც წარმოდგენილია ოპოზიციური პარტიების გაერთიანებებისგან, არის უკეთესი", - ამბობს რომან გოცირიძე, ენმ-ს წევრი.

მსგავსი პოზიცია აქვთ დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და მის თანამოაზრეებს. ბესელიას ეჭვი აქვს, ქართული ოცნება მიზეზს ეძებს, რათა გადაწყვეტილება დროულად არ მიიღოს.

"ჩვენ ყოველგვარი პირობების გარეშე დავუჭერთ ამ ინიციატივას მხარს, იმიტომ რომ უმრავლესობას და ქართულ ოცნებას არ მიეცეს საბაბი, რომ გადაიფიქროს ის დაპირება და ის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეხება მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მიზეზს ეძებს ქართული ოცნება, რათა არ მოხეს დროულად ამ გადაწყვეტილების მიღება", - აღნიშნავს ეკა ბესელია.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ორი პროექტია დარეგისტრირებული - ერთი საპარლამენტო უმრავლესობას ეკუთვნის, მეორე კი ოპოზიციას. ქართული ოცნების ინიციატივა ნულოვან ბარიერს ითვალისწინებს და საარჩევნო ბლოკებს ზღუდავს, ოპოზიციის პროექტი კი 3%-იან ბარიერს და საარჩევნო ბლოკების შესაძლებლობას.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას 113 ხმა სჭირდება, რაც ქართულ ოცნებას არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების მხრიდან ნახევრად პროპორციული სისტემიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას წინ უძღოდა გავრილოვის ღამე და მრავალათასიანი პროტესტი რუსთაველის გამზირზე, რომლის ერთერთი მთავარი მოთხოვნაც სწორედ პროპორციული არჩევნები იყო.

წაიკითხეთ, რა არის პროპორციული საარჩევნო სისტემა და რით განხსვავდება ის დღევანდელი მოდელისგან. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები