გრეტა თუნბერგი

სან-ფრანცისკოში კედელზე 16 წლის გრეტა თუნბერგის უზარმაზარი პორტრეტი დახატეს

Ben Margot / AP Photo

სან-ფრანცისკოში ერთერთ კედელზე 16 წლის აქტივისტის, გრეტა თუნბერგის, უზარმაზარი პორტრეტი დახატეს, რაც კონტრავერსიული გადაწყვეტილება აღმოჩნდა. 

სიმაღლეში, დაახლოებით, 20 მეტრისა და სიგანეში, დაახლოებით, 9 მეტრის პორტრეტი არგენტინელმა კედლის მხატვარმა, ანდრეს იგლესიასმა, იგივე კობრემ დახატა, რომელიც თავისი ჰიპერ-რეალისტური პორტრეტებითაა ცნობილი. Fox News-ის ცნობით, კობრე გარემოს დაცვით არასამთავრობო ორგანიზაციას One Atmosphere-ს პორტრეტის შესრულებაზე უფასოდ დათანხმდა. 

სოციალურ ქსელებში კობრეს ნახატს ირონიული გამოხმაურებები მოჰყვა. მომხმარებლები წერდნენ, რომ საღებავები, რომლითაც პორტრეტი დაიხატა, გარემოს აბინძურებს, რის წინააღმდეგაც 16 წლის გრეტა თუნბერგი იბრძვის. კობრე ირონიულ კომენტარებს გამოეხმაურა და დაწერა, რომ ის საღებავები, რომლებსაც ის იყენებდა, ეკო-მეგობრულია. 

"სპრეი, რომელსაც მე ვიყენებ, ეკო-მეგობრულია და ნახატის დიდი ნაწილი ხელით არის შესრულებული. საღებავები წყალზეა დამზადებული, ასე რომ, ნული გავლენა აქვს გარემოს დაბინძურებაზე,"- უთხრა კობრემ The Art Newspaper-ს.

გამოცემის კითხვაზე, მისი აზრით, მოეწონება თუ არა პროექტი თუნბერგს, კობრე პასუხობს: 

"მე ვფიქრობ, მისთვის სულერთი იქნება". 

იმავე გამოცემის ცნობით, თუნბერგმა ნახატის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. 

Time-ის ინფორმაციით, კობრე იმედოვნებს, რომ უზარმაზარი კედლის მხატვრობა ადამიანებში კლიმატის ცვლილების კრიზისისადმი ყურადღების მიპყრობის კარგი საშუალებაა. გაზეთთან საუბარში კობრემ თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმეტესობას ნახატი მოეწონა, რამდენიმე ადამიანმა მას Instagram-ზე ნეგატიური კომენტარები დაუწერა. 

"თუკი ადამიანების 95%-ს მოეწონება, მაშინ ჩემი საქმე კარგად შემისრულებია,"- ამბობს კობრე. 

კომენტარები