საქართველოს პატრიარქმა 1984 წელს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანს, იური ანდროპოვს პანაშვიდი გადაუხადა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოს არქივის გამოცემაში - "ილია II" იძებნება.
გთავაზობთ მიმართვის ტექსტს უცვლელად:
"საბჭოთა კავშირის კომუნისტურის პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის, იური ვლადიმერის ძე ანდროპოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის სახელით სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სახელზე გაიგზავნა სამძიმრის დეპეშა, რომლის ასლსაც წარმოგიდგენთ.
ასევე გაცნობებთ, რომ ამა წლის 11 თებერვალს, შაბათს, სიონის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა პანაშვიდი, სადაც მოხსენიუბულ იქნა იური ვლადიმერის ძე ანდროპოვი."
იური ანდროპოვი 1982-1984 წლებში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის პოსტს იკავებდა. 1967-1982 წლებში ანდროპოვი სუკ-ის [კგბ] კომიტეტს ხელმძღვანელობდა. მიჩნეულია, რომ ანდროპოვის თავმჯდომარეობის პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა სუკ-ის როლი და გავლენა სახელმწიფოს ცხოვრებაში. ითვლება, რომ ანდროპოვი პირადად მონაწილეობდა დისიდენტების დევნასა და დაპატიმრებაში.
1956 წელს უნგრეთის აჯანყების დროს ანდროპოვი უნგრეთში ელჩის თანამდებობას იკავებდა სწორედ, ანდროპოვი გამოვიდა წითელი არმიის შესვლის მოთხოვნით. ბრძოლები უნგრეთში ერთი კვირა გაგრძელდა, რის შედეგადაც 3 000 მოქალაქე დაიღუპა, ხოლო სამასზე მეტი სიკვდილით დასაჯეს.
იური ანდროპოვი პრაღის გაზაფხულის ძალადობრივი ჩახშობის ერთ-ერთი ინიციატორი იყო. სწორედ, მისი მმართველობის პერიოდს დაემთხვა ე.წ. თვითმფრინავის ბიჭების საქმე. რომლის ფარგლებში დახვრიტეს 4 ადამიანი, მათ შორის მღვდელი თეოდორე ჩიხლაძე. ყველაფერთან ერთად, ანდროპოვი რელიგიური დაწესებულების მკაცრი კონტროლისა და ორთოდოქსულ მარქსისტულ მიდგომას იზიარებდა.
1983 წელს იური ანდროპოვის ბრძანებით საქართველოს კათალიკოზ პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხალხთა მეგობრობის ორდენით დაჯილდოვდა. ფოტოზეა გამოსახულია დაჯილდოების ცერემონია.