საარჩევნო სისტემა

კობახიძე ოპოზიციას: წამებისა და ტერიტორიების 20%-ის დაკარგვის ფონზე ჩანს, ხალხს ვინ უყვარს

ირაკლი კობახიძე
პარლამენტი

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ოპოზიციის წევრებს ქვეყნის 20 პროცენტის დაკარგვასა და კორუფციაში ადანაშაულებს. მან ნაციონალური მოძრაობის მმართველობის 9 წელიც გაიხსენა.

„თქვენ ხართ ის ხალხი, რომლებიც ვერ აგაძროთ ვერავინ სკამებიდან, პატიმრების წამების, კორუფციისა და ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვის ფონზე. ხალხი ხედავს ვის უყვარს და ვის არა სამშობლო“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტი არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.

ოპოზიციის წევრები ეჭვობენ, რომ მმართველ გუნდს პროცესის ჩაშლა სურს.

მანამდე პარლამენტში დეპუტატები, გედევან ფოფხაძე და ირაკლი დაჩი ბერაია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. სწორედ დაპირისპირება შეაფასა ელენე ხოშტარიამ პროცესის ჩაშლის მცდელობად.

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას არ ემხრობა. კახა ოქრიაშვილის თქმით, ის ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს და იგივე პოზიცია აქვს თითქმის ყველა მაჟორიტარს. თუმცა, დეპუტატი აღნიშნავს, რომ მათ, გუნდურობის პრინციპიდან გამომდინარე, შეიძლება ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ პროექტს მხარი დაუჭირონ.

საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით, საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს, თუმცა, 2024 წლიდან.

20 ივნისის მოვლენების შემდეგ, მოქალაქეთა პროტესტის და მოთხოვნების შედეგად, მმართველმა გუნდმა გასცა დაპირება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც პროპორციული წესით ჩაატარებდნენ, თუმცა, ამისთვის საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო.

საკანონმდებლო ორგანოში პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ორი პროექტია დარეგისტრირებული - ერთი საპარლამენტო უმრავლესობას ეკუთვნის, მეორე კი ოპოზიციას. ქართული ოცნების ინიციატივა ნულოვან ბარიერს ითვალისწინებს და საარჩევნო ბლოკებს ზღუდავს, ოპოზიციის პროექტი კი 3%-იან ბარიერს და საარჩევნო ბლოკების შესაძლებლობას.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას 113 ხმა სჭირდება, რაც ქართულ ოცნებას არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების მხრიდან ნახევრად პროპორციული სისტემიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას წინ უძღოდა გავრილოვის ღამე და მრავალათასიანი პროტესტი რუსთაველის გამზირზე, რომლის ერთერთი მთავარი მოთხოვნაც სწორედ პროპორციული არჩევნები იყო.

წაიკითხეთ, რა არის პროპორციული საარჩევნო სისტემა და რით განხსვავდება ის დღევანდელი მოდელისგან.

კომენტარები