საარჩევნო სისტემა

შიოლაშვილი პროპორციულზე: ისეთ დათმობაზე წავედით, შეიძლება სტაბილურობასაც საფრთხე შეექმნას

პარლამენტი

ქართული ოცნების წევრმა, ირაკლი შიოლაშვილმა ოპოზიციას ჰკითხა, რითი ჯობია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მათ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი მმართველი გუნდის კანონპროექტს. 

შიოლაშვილმა თქვა, რომ ქართული 2020 წლის არჩევნების 0%-იანი ბარიერით ჩატარებით ისეთ დათმობაზე წავიდა, რაც შესაძლოა ქვეყნის სტაბილურობისთვისაც კი იყოს საფრთხის შემცველი. ამიტომ, ასეთ დროს შიოლაშვილისთვის მიუღებელია, რომ ოპოზიცია ბლოკებად გაერთიანების წესსა და საარჩევნო ბარიერზე საუბრობს. 

"ჩვენი გუნდი ძალიან დიდ დათმობაზე წავიდა და გავხსენით მთლიანად სისტემა. მეტსაც გეტყვით, იმდენად გავხსენით, რომ თეორიულად მომავალში ქვეყნის სტაბილურობასაც კი შეექმნას საფრთხე. ამ ფონზე თქვენ აკრიტიკებთ ჩვენს პროექტს და საუბრობთ ბლოკებსა და ბარიერებზე

მე ვფიქრობ და დღევანდელმა დღემაც დაადასტურა, რომ თქვენ წარმოადგენთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც არ იმსახურებს დათმობაზე წასვლას. მაგრამ მაინც დაგისვამთ რამდენიმე კითხვას: 

  1. რა უპირატესობა აქვს თქვენ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, ანუ რით ჯობია პროპორციული სისტემა მაჟორიტარულს
  2. რა რისკებს ხედავთ თქვენ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში. რას ფიქრობთ, მაგალითად, რიიზისთან დაკავშირებით, სხვა ქვეყნებთან დაკავშორებით
  3. როგორ უნდა შეუწყოს ხელი თქვენმა კანონპროექტმა მრავალფერპვნებას, როცა თავიდანვე ადგენთ ბარიერებს, წინაღობებს პარტიებისთვის.  
  4. ხომ არ არის თქვენი კანონპროექტი მორგებული კონკრეტულ პარტიებს - ენმ-ს და ევროპულ საქართველოს. 
  5. დაფინანსების საკითხი - ე.წ ათი მილიონი, რომელსაც 11 პოლიტიკური პარტია იღებს, რომლებსაც ჩენ ვეძახით ერთკაციან პარტიებს. ეს პარტიები ყოველთვის გვევლინებიან ბლოკებში, რომელშიც ერთკაციანი პარტიები გვევლინებიან სათამაშოდ", - თქვა შიოლაშვილმა. 

პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა უნდა დაიწყო, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.

ოპოზიციისთვის პროპორციულ წესზე გადასვლა პრინციპულად მნიშვნელოვანია. 

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი კი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას არ ემხრობა. კახა ოქრიაშვილის თქმით, ის ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს და იგივე პოზიცია აქვს თითქმის ყველა მაჟორიტარს. თუმცა, დეპუტატი აღნიშნავს, რომ მათ, გუნდურობის პრინციპიდან გამომდინარე, შეიძლება ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ პროექტს მხარი დაუჭირონ.

საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით, საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს, თუმცა, 2024 წლიდან. 

20 ივნისის მოვლენების შემდეგ, მოქალაქეთა პროტესტის და მოთხოვნების შედეგად, მმართველმა გუნდმა გასცა დაპირება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც პროპორციული წესით ჩაატარებდნენ, თუმცა, ამისთვის საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო. 

საკანონმდებლო ორგანოში პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ორი პროექტია დარეგისტრირებული - ერთი საპარლამენტო უმრავლესობას ეკუთვნის, მეორე კი ოპოზიციას. ქართული ოცნების ინიციატივა ნულოვან ბარიერს ითვალისწინებს და საარჩევნო ბლოკებს ზღუდავს, ოპოზიციის პროექტი კი 3%-იან ბარიერს და საარჩევნო ბლოკების შესაძლებლობას.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას 113 ხმა სჭირდება, რაც ქართულ ოცნებას არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების მხრიდან ნახევრად პროპორციული სისტემიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას წინ უძღოდა გავრილოვის ღამე და მრავალათასიანი პროტესტი რუსთაველის გამზირზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაც სწორედ პროპორციული არჩევნები იყო.

წაიკითხეთ, რა არის პროპორციული საარჩევნო სისტემა და რით განსხვავდება ის დღევანდელი მოდელისგან. 

კომენტარები