საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველომ 12 ნოემბერს მოძრაობა "ქართული მარშის" ლიდერის - ალექსანდრე (სანდრო) ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახალხო დამცველის სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით მასზე ზემოქმედებას გულისხმობს.
გუშინ, 12 ნოემბერს სახალხო დამცველის ოფისში პროპუტინისტური, ძალადობრივი ჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე თანამოაზრეებთან ერთად მივიდა და ნინო ლომჯარიასთან შეხვედრას ითხოვდა. მან თქვა, რომ ერთ კვირაში ათას კაცთან ერთად დაბრუნდება და შენობაში შესვლას ვერავინ დაუშლის.