პროპორციული არჩევნები

კაკულია: პროპორციული სისტემა იყო დათმობა ოპოზიციის და არა საზოგადოების მიმართ

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია
parliament.ge

უმრავლესობის წევრის, რომან კაკულიას თქმით, არჩევნების პროპორციული სისტემა დათმობა იყო ოპოზიციის მიმართ. ამის შესახებ კაკულიამ უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა კომენტარი. 

"[ოპოზიციის] ამდენმა ძახილმა, რომ იძულებით და ძალით გაგაკეთებინეთ ყველაფერი, არ გამოვრიცხავ, რომ ადამიანებში, ვისაც უნდოდა ამ პროცესის თანამონაწილე ყოფილიყო, უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ეს, პრინციპში, იყო დათმობა ოპოზიციის მიმართ და არა საზოგადოების მიმართ",-თქვა კაკულიამ. 

კაკულიას თქმით, პროპორციულ სისტემაზე დაპირებები უნდა შესრულდეს, თუმცა, მისივე თქმით, "პოლიტიკოსთა არაადეკვატურმა დამოკიდებულებამ" ადამიანები გააღიზიანა.

"მგონია, რაც დაპირება რაც იყო, ალბათ ისევ უნდა გარძელდეს. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ბევრი ადამიანი გააღიზიანა ბევრი პოლიტიკოსის არაადეკვატურმა დამოკიდებულებამ ამ პროცესის მიმართ. იმიტომ, რომ ეს პროცესი ხელს უწყობს არა მარტო დემოკრატიის განვითარებას, არამეს, სამწუხაროდ, პოპულიზმის განვითარებასაც. მე მგონი, ამან გადაასწრო დემოკრატიის განვითარებას. ადამიანებს ჰქონდათ შეგრძნება, რომ ისინი იყვნენ თანმონაწილენი ამ პროცესის",-თქვა რომან კაკულიამ. 

დღეს, 13 ნოემბერს, "ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. სხდომაზე განსახილველი მთავარი საკითხი პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნება, რომელსაც პარლამენტმა კენჭი გუშინ არ უყარა. 12 ნოემბრის სხდომაზე მაჟორიტარების ნაწილმა 2020 წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმება გააკრიტიკა.  

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარებაზე, მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტი ითვალისწინებდა 2020 წლისათვის პარლამენტის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას, 3%-იანი ბარიერით და საარჩევნო ბლოკებით. უმრავლესობის მომზადებული კანონპროექტის მიხედვით კი, პროპორციული არჩევნები 2020 წელს 0%-იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს, ასევე, აიკრძალება საარჩევნოდ ბლოკებად გაერთიანება. 

წაიკითხეთ - პროპორციული საარჩევნო სისტემა 0%-იანი ბარიერით - უპირატესობები, რისკები და პრევენციის გზები.

კომენტარები