საარჩევნო სისტემა

ხუნდაძე პროპორციულზე: თანამოაზრეები არიან საკმაოდ მრავლად, იმაზე მეტი, ვიდრე იყო გუშინ

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოწინააღმდეგეები პარტიაში მრავლად არიან. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ისინი იმაზე მეტნი არიან, ვიდრე იყვნენ გუშინ.

"თანამოაზრეები არიან საკმაოდ მრავლად, შემიძლია გითხრათ, იმაზე მეტია, ვიდრე ეს იყო გუშინ საღამოს. მინდა რომ საკუთარი გუნდი დავარწმუნო და ვაჩვენო ის საფრთხეები, რა საფრთხეებზეც ვსაუბრობთ და, რაც მთავარია, დავარწმუნოთ პარტიის თავმჯდომარე, რომ ეს გადაწვეტილება არის ხიფათის შემცველი და ქვეყნის შემდგომი პოლიტიკური ცხოვრება უნდა იყოს სტაბილური და არა რყევადი", - თქვა ხუნდაძემ უმრავლესობის სხდომაზე შესვლამდე.

მან ასევე აღნიშნა, რომ აპირებს ბიძინა ივანიშვილის დარწმუნებას, რომ საფრთხეები რეალურია და არა მასთან დაპირისპირებას.

ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე განსახილველი მთავარი საკითხი პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნება, რომელსაც პარლამენტმა კენჭი 12 ნოემბერს არ უყარა. სხდომაზე მაჟორიტარების ნაწილმა 2020 წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმება გააკრიტიკა.

პარალელურად პარლამენტთან მიმდინარეობდა მოქალაქეების აქცია - "არ გაბედო". მოძრაობა "სირცხვილია" ხელისუფლებას მოუწოდებს, შეასრულოს მიცემული პირობა.

"არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება!", - ამ ლოზუნგებით გაიმართა აქცია, რომელიც დღეს, 12:00-ზე, პლენარულ სხდომასთან ერთად განახლდება. 

ქართული ოცნების მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, პროპორციული არჩევნები 2020 წელს 0%-იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს, ასევე, აიკრძალება საარჩევნოდ ბლოკებად გაერთიანება.

ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას, ასევე 3%-იან ბარიერსა და საარჩევნო ბლოკების დაშვებას ითვალისწინებდა, საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების მხრიდან ნახევრად პროპორციული სისტემიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას წინ უძღოდა გავრილოვის ღამე და მრავალათასიანი პროტესტი რუსთაველის გამზირზე, რომლის ერთერთი მთავარი მოთხოვნაც სწორედ პროპორციული არჩევნები იყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები