პროპორციული საარჩევნო სისტემა

ინაშვილი: "ოცნებამ" მელაკუდობას თავი დაანებოს და პროპორციულს მხარი დაუჭიროს

ტაბულა

პრორუსული პარტიის, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი ფიქრობს, რომ ქართულმა ოცნებამ თავი უნდა დაანებოს "მელაკუდობას" და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას მხარი დაუჭიროს. 

მისი თქმით, არანორმალურია, რომ ყველა ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ერთი პარტიის წარმომადგენელია. ინაშვილმა ასევე თქვა, რომ თუ დღეს განსახილველი კანონპროექტი ჩავარდება და პარლამენტი მას მხარს არ დაუჭერს, "პროცესი ქუჩაში გაგრძელდება". 

"ქართულ ოცნებას უნდა ეყოს გონიერება, რომ შეასრულოს ის ერთადერთი დაპირება მაინც, რაც რეალისტურია, რომ შესრულდეს. 

თუ ქართული ოცნება განაგრძნობს პოლიტიკურ მელაკუდობას, ის დაასრულებს ძალიან ცუდად, იმიტომ რომ პროცესი გადავა ქუჩაში. მე ვსაუბრობ ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით. მერე, კითხვას ვსვამ, აქვს თუ არა ქართულ ოცნებას იმის რესურსი, რომ ის სტაბილურობა, რაზეც საუბრობს, შეინარჩუნოს. ჩვენი ამოცანაა, დავიცვათ ქართული დემოკრატია, ჩვენ ვნახეთ, რამდენი მანკიერება ახლავს თან მაჟორიტარულ სისტემას. არანორმალურია, რომ ყველა ოლქში მაჟორიტარი არის ერთი პარტიის წარმომადგენელი. ბევრ ოლქში საკუთარ მაჟორიტარს არც კი იცნობენ, მაგალითად, საგარეჯოში ისევ მე ვგონივარ ხალხს მაჟორიტარი. ამიტომ, ახლა თავი უნდა დავანებოთ აბსურდზე საუბარს, თითქოს მაჟორიტარების გარეშე ვერ ვიარსებებთ", - თქვა ირმა ინაშვილმა. 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს განახლდება საკონსტიტუციო კანონის პროექტის განხილვა, რომელიც გულისხმობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არა მაჟორიტარული, არამედ პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს. თუმცა, ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილს მისი ჩაგდება სურს, "საფრთხეების თავიდან აცილების" მოტივით. 

2020 წლის საპარალამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება მმართველმა გუნდმა 24 ივნისს გასცა. მას შემდეგ, რაც 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო. 

რამდენი ხმა სჭირდება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას - დეტალურად ნახეთ აქ. 

კომენტარები