პროპორციული საარჩევნო სისტემა

"ბერბიჭაშვილები ხართ", - კობახიძე კანონპროექტზე საუბრისას ოპოზიციას ლანძღავს

ირაკლი კობახიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებისთვის საკონსტიტუციო კანონპროექტს წარადგენს.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ საუბრის დროის უმეტესი ნაწილი ოპოზიციის ლანძღვას დაუთმო. 

მან არაერთხელ თქვა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თავის ყველა განშტოებით მარგინალური ჯგუფია, რომელსაც არაფერი ეშველება". 

კობახიძის თქმით, ის, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნაა, არ ნიშნავს "ნაცების" ნების შესრულებას და არჩევნებზე გამოჩნდება, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემითაც ოპოზიცია ვერ მიიღებს იმდენ მანდატს, რომ კოალიციური მთავრობა დააკომპლექტოს. 

"16 წლის განმავლობაში ზრდასრული ადამიანი ვერ იცვლება და ზრდასრული პოლიტიკური პარტია მით უმეტეს, ვერ შეიცვლება. საუბარია ერთობაზე. ერთნაირები არიან და ერთნაირი პათოსი აქვთ. ამათი შეცვლა არის წარმოუდგენელი. 

ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიმოქმედოთ არა ისე, როგორც აწყობს ამ პოლიტიკურ პარტიას, აბსოლუტურად მარგინალურ პოლიტიკურ პარტიას - ყველა განშტოებას ვგულისხმობ, ნაცებს, შმაცებს და შმაცუნებს - მათი შეცვლა არის წარმოუდგენელი. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ იმის მიხედვით, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ეს არის ჩემი რწმენა. ჩემი რწმენაა,რომ ჩვენ უნდა გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე", - თქვა კობახიძემ. 

მის ამ განცხადებას დარბაზში ოპოზიციის მხრიდან რეპლიკები მოჰყვა, რის პასუხადაც "ოცნების" დეპუტატმა მათ "ბერბიჭაშვილები" უწოდა. 

"ნუ მიაქცევთ ყურადღებას, ესენი არიან მარგინალები და ბერბიჭაშვილები, მე ეს დასკვნა გავაკეთე. 

პროპორციული სისტემის ერთ-ერთი მთავარი პლუსი არის ის, რომ შანსი ჩნდება კოალიციის, შანსი ჩნდება, რომ პარტიები ერთმანეთთან დათმობაზე წავიდნენ, მოლაპარაკებებზე ა.შ 

ჩვენ არ დაგვიწყია საუბარი იმაზე, რომ არ ვაპირებდით ნაცებთან და პრორუსულ ძალებთან კოალიციის შექმნას. ამაზე საუბარი დაიწყეს ნაციონალებმა. მათ დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ არავითარ შემთხვევაში არ შექმნიდნენ კოალიციას ოცნებასთან. ეს არის მათი დამოკიდებულება, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამათ ნუ შევხედავთ, ესენი არიან მარგინალები, ამათი გამოსწორება არის შეუძლებელი. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც სჭირდება ჩვენს ქვეყანას. საარჩევნო შედეგი არის იმის გარანტია, რომ ამათ არანაირად არა შევუწყობთ ხელი", - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

ამის შემდეგ პარლამენტში სიტყვიერი დაპირისპირება გაგრძელდა და ირაკლი კობახიძემ კიდევ არაერთხელ უწოდა ოპოზიციის წევრებს "გიგლა ბერბიჭაშვილები, რომლებსაც, რომ შეეძლოთ, დღესვე მოკლავდნენ ილიას". 

"კაკო ბობოხიძე არის ჩვეულებრივი ბერბიჭაშვილი, ნებისმიერ დროს ესვრის ის ილიას. თქვენ ხართ ბერბიჭაშვილები, თქვენ ხართ ბერბიჭაშვილები. სერგო [რატიანი], ნებისმიერ დროს ესვრი შენ ილიას, ამას აკეთებთ ყოველდღიურ რეჟიმში, თქვენი პარტიული ტელევიზიის მეშვეობით, თქვენი საიტების მეშვეობით და თქვენი ნაცაქტივის მეშვეობით ფეისბუქზე. ათასობით ადამიანია ჩართული იმ საქმეში, რასაც ჰქვია ბერბიჭაშვილის საქმე. რომ არ ყოფილიყავით ბერბიჭაშვილები, საქართველოს ტერიტორიების 20%-ს არ ჩააბარებდით რუსეთს და არ გაუფორმებდით მერე იმ რეზოლუციით, რომელსაც მხარი დაუჭირეთ. თითებს ნუ იქნევ, ჩაგაბარებთ წარსულს. ეკლესიის მტრებს და სახელმწიფოს მტრებს ჩავაბარებთ წარსულს. თქვენ ხართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც 3 თვის წინ იჭრებოდით პარლამენტში, ხელისუფლების გადატრიალებას აწყობდით და თქვენ ხართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ეკლესიაში... რას გიზამ იცი სერგო [რატიანი]? დაგამთავრებ. აი, ეგ იქნება პასუხის. ნუ იკრიჭები სერგო", - თქვა კობახიძემ. 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს განახლდება საკონსტიტუციო კანონის პროექტის განხილვა, რომელიც გულისხმობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არა მაჟორიტარული, არამედ პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს. თუმცა, ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილს მისი ჩაგდება სურს, "საფრთხეების თავიდან აცილების" მოტივით. 

2020 წლის საპარალამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება მმართველმა გუნდმა 24 ივნისს გასცა. მას შემდეგ, რაც 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო. 

რამდენი ხმა სჭირდება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას - დეტალურად ნახეთ აქ

კომენტარები