კატალონიაში ჟირონაში ასეულობით მომიტინგემ AP-7 მაგისტრალის ორივე სავალი ნაწილი გადაკეტეს.
ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც კატალონიაში ესპანეთისგან დამოუკიდებლობის და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით მრავალათასიანი აქციები იმართება, რაც რამდენჯერმე სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.
მაგისტრალზე მომიტინგეებმა ხის მასალისგან და ღობეებისგან რამდენიმე პარალელური ბარიკადი ააგეს. მომიტინგეებს ხელში ეკავათ პლაკატები მოწოდებით - "ესპანეთო, დაჯექით და ვილაპარაკოთ".
მაგისტრალი ესპანეთს საფრანგეთთან აკავშირებს. საფრანგეთის სპეცრაზმმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, დაკავებულია სულ მცირე 18 მომიტინგე.
კატალონიელებმა ბასკების ქვეყანაში საფრანგეთის საზღვართან ქალაქ ირუნთან მაგისტრალი გუშინაც გადაკეტეს, რამაც 11 კილომეტრიანი საცობი გამოიწვია.
როგორც გაირკვა, მაგისტრალი მომიტინგეთა ჯგუფმა დემოკრატიულმა ცუნამმა გადაკეტა, რომელსაც კატალონიის დამოუკიდებლობისთვის საერთაშორისო ყურადღების მიპყრობა სურს.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 1 ოქტომბერს ჩატარებული რეფერენდუმი ესპანეთმა არაკონსტიტუციურად, მისი შედეგები კი არალეგიტიმურად სცნო. რეფერენდუმში მონაწილეთა 90%-მა მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა. თუმცა, მთლიანობაში, რეფერენდუმში მონაწილეობა კატალონიის მცხოვრებთა 42%-მა მიიღო.
მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს კატალონიის რეგიონული მთავრობის ლიდერმა ჟოაკიმ ტორამ თქვა, რომ ორ წელიწადში დამოუკიდებლობის საკითხზე ხელახალი რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს.