პროპორციული საარჩევნო სისტემა

საია დეპუტატებს: შეასრულეთ საზოგადოებისთვის მიცემული დაპირება, მხარი დაუჭირეთ პროპორციულს

ტაბულა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარლამენტის დეპუტატებს სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. 

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, პარლამენტში კანონპროექტის განხილვის პროცესმა აჩვენა, რომ მმართველ გუნდში არსებობს კრიტიკული მასა დეპუტატებისა, რომლებიც მზად არიან, რომ რეფორმას საფრთხე შეუქმნან. 

"საია თვლის რა, რომ შერეული საარჩევნო სისტემა ქართული დემოკრატიის განვითარების მთავარი დაბრკოლებაა, ყურადღებით აკვირდებოდა და აკვირდება მიმდინარე პროცესებს.

"ჩვენ მოვისმინეთ ცვლილებების საწინააღმდეგო არგუმენტები და მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ: არსებული კონტექსტის გათვალისწინებით მათ საკმარისი თეორიული საფუძველი არ აქვთ, რომ გადაწონონ ის სიკეთეები, რასაც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას (ბუნებრივი ბარიერი) აქვს,"- წერია განცხადებაში.

საია-ს მსგავსად, პარლამენტს ISFED-მაც მოუწოდა კანონპროექტის მხარდაჭერისკენ. 

10 ნოემბერს პარლამენტში ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანონპროექტის განხილვა მეორე დღისთვის გადაიდო, რადგან უმრავლესობის რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგ გამოვიდა მიუხედავად იმისა, რომ მათი დიდი ნაწილი კანონპროექტის ავტორადაა მითითებული. 

იმისათვის, რომ კანონპროექტი ამ მოწვევის პარლამენტმა მიიღოს, კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, მას პარლამენტის დეპუტატთა საერთო რაოდენობის 3/4 ანუ 113 ხმა სჭირდება სამივე მოსმენისას.

კომენტარები