პროპორციული საარჩევნო სისტემა

ვოლსკიმ პროპორციულის კენჭისყრის გადადება ითხოვა, რათა ხვალ ოცნებაში კონსულტაცია გაიმართოს

ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ითხოვა, გადაიდოს 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ კანონის კენჭისყრა, რათა ქართულმა ოცნებამ ხვალ დილით კიდევ ერთი კონსულტაცია გაიაროს. 

არჩილ თალაკვაძემ ფრაქციების თავმჯდომარეებს სთხოვა, მასთან მცირე კონსულტაცია გაიარონ და ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. 

მმართველ გუნდის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობს, 0%-იანი ბარიერით და ბლოკებად გაერთიანების აკრძალვით, პარლამენტი ორი დღეა, განიხილავს. 

დღეს კანონის კენჭისყრა უნდა გამართულიყო, თუმცა, მმართველი გუნდის ნაწილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს არ უჭერს. 

2020 წლის საპარალამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება მმართველმა გუნდმა 24 ივნისს გასცა. მას შემდეგ, რაც 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო. 

მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი სექტემბერში დაიწყო. ჩაატარა საყოველთაო სახალხო განხილვაც. ამ დროის განმავლობაში ქართულ ოცნების დეპუტატებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებაზე პროტესტი არ გამოუთქვამს. 

რამდენი ხმა სჭირდება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას - დეტალურად ნახეთ აქ

კომენტარები