პროპორციული საარჩევნო სისტემა

შოთა დიღმელაშვილი: თუ გაგვაწნავენ სილას, მიიღებენ მუშტს და წიხლს

შოთა დიღმელაშვილი
ტაბულა

ანტისაოკუპაციო აქციების ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი პროპორციული არჩევნების კენჭისყრის გადადებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ქართული ოცნება ცირკს დგამს.

"მთელი ეს დღეები იდგმებოდა ცირკი. ეს არის რუსული სცენარი. ჩვენ გვართმევენ არჩევანის თავისუფლებას. თუ გაგვაწნავენ სილას, მიიღებენ მუშტს და წიხლს“.

დიღმელაშვილმა პერმანენტული აქცია დააანონსა და საზოგადოებას მიმართა, რომ მათ უკვე შეუძლიათ, გამოვიდნენ პარლამენტთან აქციაზე.

ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კენჭისყრა ხვალამდე გადადო. 

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ ამას დეპუტატებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან, ასევე ოპოზიციური ფრაქციების თავმჯდომარეებთან კონსულტაციების შემდეგ შესთავაზა.  

თალაკვაძის თქმით, ქართულ ოცნებას საერთო შეთანხმებისთვის ჯერაც არ მიუღწევია, ამიტომ დამატებითი კონსულტაციებია საჭირო.

ამ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე დეპუტატებმა ითათბირეს. როგორც ტაბულას წყარომ უთხრა, ქართული ოცნების დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მოგვიანებით სხდომაზე გია ვოლსკიმაც თქვა, რომ "ცოტა ხმამაღლა მოუვიდათ ლაპარაკი". 

მმართველ გუნდის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობს, 0%-იანი ბარიერით და ბლოკებად გაერთიანების აკრძალვით, პარლამენტი ორი დღეა, განიხილავს. 

დღეს პროექტის კენჭისყრა უნდა გამართულიყო, თუმცა, მმართველი გუნდის ნაწილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს არ უჭერს. მათ შორის არის დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც დღეს თქვა, რომ კანონის "ჩასაგდებად ემზადებოდა". 

2020 წლის საპარალამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება მმართველმა გუნდმა 24 ივნისს გასცა. მას შემდეგ, რაც 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო. 

მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი სექტემბერში დაიწყო. ჩაატარა საყოველთაო სახალხო განხილვაც. ამ დროის განმავლობაში ქართულ ოცნების დეპუტატებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებაზე პროტესტი არ გამოუთქვამს. 

რამდენი ხმა სჭირდება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას - დეტალურად ნახეთ აქ. 

კომენტარები