პროპორციული საარჩევნო სისტემა

შიოლაშვილი პროპორციულზე: წითელი ხაზია და ვცდილობთ სხვებიც დავარწმუნოთ ჩვენს სიმართლეში

პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი ამბობს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე კენჭისყრის ხვალამდე გადადება გონივრული გადაწყვეტილებაა. მისი თქმით, უმრავლესობის სხდომაზე ამ საკითხზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ. 

შიოლაშვილი ამბობს, რომ პროპოროციულ სისტემაზე გადასვლა მისთვის წითელი ხაზია, რადგან ფიქრობს რომ ეს ქვეყნის სტაბილურობას საფრთხის ქვეშ აყენებს. 

"მე არ შევიცვლი პოზიციას, ვრჩები ჩემს აზრზე და ვცდილობთ, რომ სხვა დეპუტატებიც დავარწმუნოთ რომ ჩვენ ვართ მართლები"- თქვა დეპუტატმა. 

ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კენჭისყრა ხვალამდე გადადო. პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ ეს დეპუტატებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან, ასევე ოპოზიციური ფრაქციების თავმჯდომარეებთან კონსულტაციების შემდეგ შესთავაზა. თალაკვაძის თქმით, ქართულ ოცნებას საერთო შეთანხმებისთვის ჯერაც არ მიუღწევია, ამიტომ დამატებითი კონსულტაციებია საჭირო.

ამ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე დეპუტატებმა ითათბირეს. როგორც ტაბულას წყარომ უთხრა, ქართული ოცნების დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მოგვიანებით სხდომაზე გია ვოლსკიმაც თქვა, რომ "ცოტა ხმამაღლა მოუვიდათ ლაპარაკი". 

მმართველ გუნდის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობს, 0%-იანი ბარიერით და ბლოკებად გაერთიანების აკრძალვით, პარლამენტი ორი დღეა, განიხილავს. 

დღეს პროექტის კენჭისყრა უნდა გამართულიყო, თუმცა, მმართველი გუნდის ნაწილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს არ უჭერს. მათ შორის არის დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც დღეს თქვა, რომ კანონის "ჩასაგდებად ემზადებოდა". 

2020 წლის საპარალამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება მმართველმა გუნდმა 24 ივნისს გასცა. მას შემდეგ, რაც 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო. 

მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი სექტემბერში დაიწყო. ჩაატარა საყოველთაო სახალხო განხილვაც. ამ დროის განმავლობაში ქართულ ოცნების დეპუტატებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებაზე პროტესტი არ გამოუთქვამს. 

რამდენი ხმა სჭირდება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას - დეტალურად ნახეთ აქ. 

კომენტარები