არჩევნები 2020

ბაქრაძე: აჯანყებაა თუ სპექტაკლი, ნებისმიერ შემთხვევაში, ქართული ოცნების პასუხისმგებლობაა

0 კომენტარი

"დღეს ვიქნები მაქსიმალურად თავშეკავებული ჩემს კომენტარებში, რომ ხელისუფლებას არ მივცეთ საბაბი" - ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტისთვის კენჭისყრის კიდევ ერთხელ გადადებაზე.

"ეს ხდება ერთადერთი მიზეზით - არ მივცეთ საბაბი უმრავლესობას, რომ ოპოზიციის კონფლიქტის საბაბით ჩააგდონ და არ მიიღონ გადაწყვეტილება პროპორციულზე გადასვლის, ამიტომ დღესაც, კიდევ ერთი დღე ვიქნები მაქსიმალურად თავშეკავებული, რომ არავის მიეცეს საბაბი. რაც არ უნდა იყოს, არის ეს აჯანყება, არის ეს სპექტაკლი, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ქართული ოცნების პასუხისმგებლობა და ნებისმიერ შემთხვევაში, ამ გუნდმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მათ არ აქვთ პასუხისმგებლობა, რომ მათ არ აქვთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების უნარი და ეს იქნება ხელისუფლების პასუხისმგებლობა. დაველოდოთ ხვალინდელ დღეს, დაველოდოთ კენჭისყრას" - თქვა ბაქრაძემ.

ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კენჭისყრა ხვალამდე გადადო. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქართულ პარტიას საერთო შეთანხმებისთვის ჯერაც არ მიუღწევია, ამიტომ დამატებითი კონსულტაციებია საჭირო.

ამ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე დეპუტატებმა ითათბირეს. როგორც ტაბულას წყარომ უთხრა, ქართული ოცნების დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მოგვიანებით სხდომაზე გია ვოლსკიმაც თქვა, რომ ცოტა ხმამაღლა მოუვიდათ ლაპარაკი". 

მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობს, 0%-იანი ბარიერით და ბლოკებად გაერთიანების აკრძალვით, პარლამენტი ორი დღეა, განიხილავს. დღეს პროექტის კენჭისყრა უნდა გამართულიყო, თუმცა, მმართველი გუნდის ნაწილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს არ უჭერს. მათ შორის არის დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც დღეს თქვა, რომ კანონის "ჩასაგდებად ემზადებოდა". 

2020 წლის საპარალამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება მმართველმა გუნდმა 24 ივნისს გასცა, მას შემდეგ, რაც 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო. 

მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი სექტემბერში დაიწყო. ჩაატარა საყოველთაო სახალხო განხილვაც. ამ დროის განმავლობაში ქართულ ოცნების დეპუტატებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებაზე პროტესტი არ გამოუთქვამს. 

რამდენი ხმა სჭირდება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას - დეტალურად ნახეთ აქ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები