პროპორციული საარჩევნო სისტემა

მდინარაძე პროპორციულზე: ენმ-ის პროვოკაციულმა გამოსვლებმა მოწინააღმდეგეების რიცხვი გაზარდა

ქართული ოცნება

უმრავლესობის დეპუტატი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის პროვოკაციულმა განცხადებებმა, იმ დეპუტატების რიცხვი გაზარდა, ვინც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგია. 

"რომ ვთხოვთ, რომ მოდით დავანებოთ თავი ამ არარეალურ რიტორიკას და დემაგოგიას და პროვოკაციებს თავი. ნუ თუ იმაზეა საუბარი, რომ უნდა ეძახო, რომ გაიძულე და შენ არავინ არ ხარ და მაჟორიტარებს სუბიექტური ინტერესები აქვთ და ამიტომ აკეთებენ ამას. ეს არის დამაზიანებელი და უფრო აღიზიანებს ამ ხალხს. ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მერე რა რომ უმრავლესობის წევრები არიან, ხომ არ არიან რკინის. აქვთ ემოციები, წარმოდგენები, არგუმენტები და ახმოვანებენ ამ არგუმენტებს. არ უნდა გავაღიზიანოთ დამატებით"- ამბობს მამუკა მდინარაძე. 

კითხვაზე, მიდიან თუ არა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ის დეპუტატები, რომლებიც კანონპროექტს უპირისპირდებიან, მდინარაძე პასუხობს რომ არა.  

"არც პარტიის წინააღმდეგ მიდიან. სწორედ ამიტომ იყვნენ ისინი კენჭისყრის გადადების მომხრეები. ისინი ჩვენს დარწმუნებას ცდილობენ მაგრამ რეალურად ისინი თავად უნდა დარწმუნდნენ რომ პროპორციული სისტემა უალტერნატივოა ამ შემთხვევაში"- აღნიშნავს მდინარაძე.  

ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კენჭისყრა ხვალამდე გადადო. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქართულ პარტიას საერთო შეთანხმებისთვის ჯერაც არ მიუღწევია, ამიტომ დამატებითი კონსულტაციებია საჭირო.

ამ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე დეპუტატებმა ითათბირეს. როგორც ტაბულას წყარომ უთხრა, ქართული ოცნების დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მოგვიანებით სხდომაზე გია ვოლსკიმაც თქვა, რომ ცოტა ხმამაღლა მოუვიდათ ლაპარაკი". 

მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობს, 0%-იანი ბარიერით და ბლოკებად გაერთიანების აკრძალვით, პარლამენტი ორი დღეა, განიხილავს. დღეს პროექტის კენჭისყრა უნდა გამართულიყო, თუმცა, მმართველი გუნდის ნაწილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს არ უჭერს. მათ შორის არის დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც დღეს თქვა, რომ კანონის "ჩასაგდებად ემზადებოდა". 

2020 წლის საპარალამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება მმართველმა გუნდმა 24 ივნისს გასცა, მას შემდეგ, რაც 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო. 

მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი სექტემბერში დაიწყო. ჩაატარა საყოველთაო სახალხო განხილვაც. ამ დროის განმავლობაში ქართულ ოცნების დეპუტატებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებაზე პროტესტი არ გამოუთქვამს. 

რამდენი ხმა სჭირდება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას - დეტალურად ნახეთ აქ. 

კომენტარები