საბანკო რეგულაციები

არჩილ თალაკვაძე საბანკო რეგულაციების შერბილებას ითხოვს

პარლამენტის თავდმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით კითხვა ივანე მაჭავარიანს დაუსვა. 

თალაკვაძე 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებულ სავალუტო სესხების ლიმიტს შეეხო. ამ დროიდან აიკრძალა 200 ათას ლარამდე სესხის გაცემა უცხოურ ვალუტაში. თალაკვაძის თქმით, უკვე დრო არის ეს ლიმიტი 100 ათას ლარამდე შემცირდეს. 

"უმრავლესობას მიაჩნია, რომ დღემდე პრობლემად რჩება რეგულაცია, რომელიც 200 ათას ლარამდე უცხო ვალუტაში სესხის აღებას კრძალავს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უკვე დროა და შესაძლებელია, რომ 200 ათას ლარიანი ლიმიტი შემცირდეს 100 ათას ლარამდე. ამის თქმის საფუძველს ის ანალიტიკა გვაძლევს, რომელიც დავამუშავეთ",— ამბობს თალაკვაძე. 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ლიმიტის შემცირება ლარის გაცვლით კურსზე უარყოფით ზეწოლას შეამცირებს.

შეგახსნებთ, რომ პირველ იანვარს ამოქმედებულ ახალ რეგულაციებამდე ლიმიტი სწორედ, 100 ათასი ლარით განისაზღვრებოდა. 200 ათას ლარამდე სესხების უცხოურ ვალუტაში აკრძალვა იმ რეგულაციების პაკეტის ნაწილი იყო, რომელიც ეროვნული ბანკის და მთავრობის ინიციატივით მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. 

 

კომენტარები