პროპორციული საარჩევნო სისტემა

კობახიძე პროპორციულზე: უკეთესი იქნებოდა რიგ დეპუტატებს პოზიცია ადრე დაეფიქსირებინათ

პარლამენტი

პარლამენტში "ქართული ოცნების" დეპუტატებს შორის ცოტა ხნის წინ მორიგი კონსულტაცია გაიმართა, დეპუტატები შეკრებილები ირაკლი კობახიძის ოთახში იყვნენ - ამის შესახებ კობახიძემ იმედის ეთერში ისაუბრა.

"ჯერჯერობით ვართ კონსულატიცების რეჟიმში, ეს არის მიმდინარე პროცესი, აქედან გამომდინარე არ გავუსწრებ წინ მოვლენებს, გაგრძელდება დღის ბოლომდე ეს კონსულტაციები, ასევე გაგრძელდება ხვალ, ხვალ გვექნება უმრავლესობის ფორმატში შეხვედრა, რომელსაც წაიყვანს პარტიის თავმჯდომარე და იქ უკვე საბოლოო სურათი გამოიკვეთება", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ის ისურვებდა რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოწინააღმდეგე მაჟორიტარ დეპუტატებს თავიანთი პოზიციები უფრო ადრე დაეფიქსირებინათ. 

"ჩვენ ვიცოდით, რომ მთელ რიგ დეპუტატებს ჰქონდათ განსხვავებული პოზიცია, თუმცა ჩვენ ფაქტის წინაშე დავდექით, როდესაც გუშინ დავიწყეთ განხილვა, მანამდე აქტიურ მსჯელობაში ისინი არ შემოდიოდნენ და ეს არის პრინციპში სასაყვედურო, ასე შემიძლია ვთქვა, უკეთესი იქნებოდა თუ ასეთი პრინციპული პოზიცია იყო მათი მხრიდან, მათ ეს დაეფიქსირებინათ ცოტა ხნით ადრე, იქნებოდა კონსულტაციების საშუალება და მეტი დრო იქნებოდა, იმისათვის რომ მიგვეღწია შეთანხმებისთვის. თუმცა, სამწუხაროდ მოხდა ისე რომ დავდექით ფაქტის წინაშე, ვართ ერთგვარ ცაიტნოტში, თუმცა ამ ცაიტნოტის მიუხედავად ჩვენ ყველა რესურსს გამოვიყენებთ რომ უზრუნველვყოთ ამ სისტემის მხარდაჭერა", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

დღეს, ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კენჭისყრა ხვალამდე გადადო. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქართულ ოცნებაში ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობაა საჭირო.

მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობს, 0%-იანი ბარიერით და ბლოკებად გაერთიანების აკრძალვით, პარლამენტი ორი დღეა, განიხილავს. დღეს პროექტის კენჭისყრა უნდა გამართულიყო, თუმცა, მმართველი გუნდის ნაწილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს არ უჭერს. მათ შორის არის დიმიტრი ხუნდაძეც.

კომენტარები