კრიმინალი

შსს-მ თბილისის ზღვაზე მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 35 წლის ბექა კვიციანი

სამართალდამცველებმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნეს. პოლიციამ განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბექა კვიციანი დააკავეს.

"გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ბ.კ.-მ თბილისის ზღვის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1983 წელს დაბადებულ ნ. ც.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ნ. ც. ადგილზე გარდაიცვალა" - აცხადებს შსს.

თბილისის ზღვაზე მოკლული ნოდარ ცხადაძის ცხედარი რამდენიმე დღის წინ იპოვეს. დეპუტატ ემზარ კვიციანის თქმით, გარდაცვლილი მისი ძმისშვილის მეგობარი იყო, ხოლო თავად ბექა კვიციანს ოჯახი ეძებდა.

"ორივე დაკარგული იყო, ორივეს ეძებდნენ. ნოდარ ცხადაძე მოინახა და ბექა ჯერ არ არის მოძებნილი. არიან ერთმანეთის ნათესავები, ერთად გაზრდილები და ჩემი ძმისშვილი მისი ბავშვის ნათლიაა. ამიტომ, ჯერ ვერაფერს გეტყვით. არაფერი ვერსია არ არსებობს. ჩემი ძმისშვილი ამ დრომდე არ გამოჩენილა”, - ამბობდა ემზარ კვიციანი. 

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები