განათლების სისტემა

გახარია: მიხეილ ჩხენკელი შეძლებს სწრაფად, დროის დაუკარგავად განაგრძოს რეფორმები

მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, განათლების ხელმეორედ დანიშნული მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განათლების სისტემური რეფორმის თვალსაზრისით ჩართული იყო ამ რეფორმის მომზადების და განხორციელების ყველა ეტაპზე.

"შესაბამისად მან ზედმიწევნით ზუსტად იცის, ბოლო წლების განმავლობაში რა ხდებოდა განათლების სამინისტროში, როგორ მზადდებოდა ეს რეფორმა, როგორ ხდებოდა მისი აღსრულება. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სწორედ ამიტომ, რა თქმა უნდა, სხვა ღირსებებთან ერთად, ბატონი მიხეილი შეძლებს სწრაფად, დროის დაუკარგველად განაგრძოს ის რეფორმები, რომელიც მიმდინარეობს დღეს უაღრესად წარმატებულად განათლების სამინისტროში.

თუმცა აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და დავავალო ბატონ მიხეილს, რომ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ პროფესიულ განათლებას, პროფესიული განათლება დღეს არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რათა ჩვენ შევძლოთ უახლოესი წლების განმავლობაში აღმოვფხვრათ ის დისბალანსი, რომელიც გვაქვს შრომის ბაზარზე და ბატონო მიხეილ, მინდა გთხოვოთ, ამას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ" - თქვა გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად ამავე სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ ჩხენკელი 13 ნოემბერს დაინიშნა.

მიხეილ ჩხენკელი დღემდე განათლების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი იყო, 2017-2018 წლებში კი -  განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

მიხეილ ბატიაშვილმა, რომელიც განათლების მინისტრი სწორედ ჩხენკელის შემდეგ გახდა, თანამდებობა 7 ნოემბერს დატოვა. 

კომენტარები