პროპორციული საარჩევნო სისტემა

ხაზარაძე პროპორციულზე: ჩაგდება ქვეყნის სერიოზულ დესტაბილიზაციას გამოიწვევს

მამუკა ხაზარაძე
ლელო

მოძრაობა ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ თუ საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება, ქვეყანა ძალიან ცუდ შედეგებამდე მივა.

"ჩვენ საქმე გვაქვს რიგით სპექტაკლთან, რომელსაც ივანიშვილი უნიჭოდ დგამს უკვე მეშვიდე წელია. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ეს არის დაპირება, რომელიც მოქალაქეებმა მოიპოვეს 20 ივნისის შემდგომ და ნუ ეთამაშებიან საზოგადოებას. ივანიშვილს სურს შექმნას ქაოსი, მაგრამ თუ საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება, ჩვენ ვაჩვენებთ სერიოზულ წინააღმდეგობას და მუხტს მას, თუ რა ფორმით ამას დღის ბოლოს გეტყვით".

"ქართული ოცნების" მაჟორიტართა ნაწილი არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგება. რამდენიმე დეპუტატმა თქვა, რომ ისინი ამ საკითხზე ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ, თუმცა, ქართული ოცნების თავმჯდომარემ მათი "გადარწმუნება ვერ შეძლო".

გუშინ, 13 ნოემბერს, "ქართულმა ოცნებამ" პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კენჭისყრა გადადო. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქართულ ოცნებაში ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა იყო საჭირო.

მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობს, 0%-იანი ბარიერით და ბლოკებად გაერთიანების აკრძალვით, პარლამენტი სამი დღეა, განიხილავს.მოწინააღმდეგეებს შორის არის არის დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც თქვა, რომ კანონის "ჩასაგდებად ემზადებოდა". 

2020 წლის საპარალამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება მმართველმა გუნდმა 24 ივნისს გასცა, მას შემდეგ, რაც 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო. 

კომენტარები