პროპორციული საარჩევნო სისტემა

კობახიძე: საწინააღმდეგო ხმების მოტყუებად შეფასება პარლამენტარიზმის ანა-ბანას არცოდნაა

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კანონისთვის საწინააღმდეგო ხმების მიცემა არა მოტყუება, არამედ პარლამენტარიზმის, დემოკრატიის დამახასიათებელი ნიშანია. 

"იყო არაერთი საკითხი გუნდის შიგნით, სადაც არსებობდა განსხვავებული პოზიციები გუნდის შიგნით. მათ შორის ხელმძღვანელობას და კონკრეტულ დეპუტატს შორის. მაგალითად, გენდერულ კვოტირების საკითხი, კინაღამ გუნდი გაგვეხლიჩა, იმდენად მწვავე დაპირისპირება იყო. ეს იყო სასამართლო ხელისუფლების საკითხი. იყო სხვა საკითხებიც, სადაც განსხვავებული პოზიციები იყო. საბოლოო ჯამში, მიღებულ იქნა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ასახავდა თავდაპირველად....

ჩვენ ვართ პარლამენტში. პროპორციულ არჩევნებზე რატომ ვსაუბრობდით, იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა პლურალიზმის, დემოკრატიის და პარლამენტარიზმის განვითარება. როცა ვსაუბრობთ პარლამენტარიზმზე და დეპუტატების ხმის საწინააღმდეგო მიცემას აფასებთ მოტყუებად, ეს არის პარლამენტარიზმის ანაბანას არცოდნა", - თქვა კობახიძემ. 

საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს.

კანონის მიღებას მხარი დეპუტატმა 101-მა დაუჭირა. 3 წინააღმდეგ წავიდა. კანონის მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა. სამი პროცედურის შემდეგ რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. 

კანონის ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა 24 ივნისს მოქალაქეებისთვის მიცემული პირობა.

2020 წლის საპარალამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება მმართველმა გუნდმა სწორედ 24 ივნისს გასცა. მას შემდეგ, რაც 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო.

მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი სექტემბერში დაიწყო. ჩაატარა საყოველთაო სახალხო განხილვაც. ამ დროის განმავლობაში ქართულ ოცნების დეპუტატებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებაზე პროტესტი არ გამოუთქვამს

კომენტარები