პროპორციული საარჩევნო სისტემა

"2020 წლის არჩევნები ყალბდება დღეს" - ევსაქები და თავდემები ხალხს აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებენ

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ევროპული საქართველო და თავისუფალი დემოკრატები მოქალაქეებს დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებენ.

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დავით ბაქრაძემ თქვა, რომ პროპორციული სისტემის პროექტის ჩაგდებით ბიძინა ივანიშვილმა და ქართული ოცნების პოლიტიკურმა გუნდმა ქვეყანა უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა.

დეპუტატის თქმით, დღეს ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან მკაფიოდ ითქვა, რომ არ უჭერენ მხარს ისეთ საარჩევნო სისტემას, სადაც მას ექნება წაგების პერსპექტივა.

"რაც დღეს მოხდა, არ არის პოლიტიკური კლასის ბრძოლა, პოლიტიკური გემოვნების ან თუნდაც მხოლოდ დემოკრატიის საკითხი. რაც დღეს მოხდა ეს არის თქვენი საარჩევნო უფლების წართმევა დღეს, ივანიშვილის გუნდის მხრიდან სრულიად უტიფარი განცხადება, რომ 2020-ში ჩვენ მოვიგებთ არჩევნებს, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ გინდათ ქართული ოცნება, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება არაფერს გიკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ გიჭირთ, მიუხედავად იმისა, რომ 4 თვის წინ დაგპირდით, რომ ამას გავაკეთებდით. ამ ყველაფრის მიუხედავად, 2020-ში გვექნება სისტემა, რომლითაც მოვიგებთ და თქვენ, ქართველ ხალხს არ მოგცემთ საშუალებას თქვენი ნების გამოხატვით ამ ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები. ამიტომ, კარგად უნდა ესმოდეს თითოეულ მოქალაქეს, 2020-ის არჩევნები ყალბდება დღეს. ყველას, ვისაც აწუხებს ამ ქვეყნის მომავალი, სტაბილურობა, როგორ პირობებში იცხოვრებს მისი ოჯახი და მისი შვილები, უნდა ესმოდეს, გადამწყვეტი მომენტი დადგა ახლა", - თქვა დავით ბაქრაძემ.

ევროპულ საქართველოში ასევე აღნიშნეს, რომ გააკეთებენ ყველაფერს, რათა ქართულ ოცნებას არსებული სისტემით არჩევნების ჩატარების და მასში გამარჯვების საშუალება არ მიეცეს. დავით ბაქრაძემ დასძინა, რომ მათი პოზიცია "ძალიან მკვეთრი და რადიკალური იქნება".

მან მოქალაქეებს დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ევროპული საქართველო სრული შემადგენლობით იქ იქნება. 

აქციაზე გასვლისკენ მოუწოდა თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო გოგუაძემაც. მისი თქმით, მოქალაქეებმა ბიძინა ივანიშვილს უნდა უთხრან, რომ სახელმწიფო მისი არ არის.

"დღეს ყველა მოქალაქემ დაინახა, რომ საქართველოს ჰყავს მმართველი, რომლის სიტყვას ფასი არ აქვს, რომელმაც ყველა აქამდე გაცემული დაპირება არ შეასრულა და არც მომავალში შეასრულებს დაპირებას. დღეს ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, რომ ეს სახელმწიფო მისია, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ, რომ ეს სახელმწიფო მისი კი არა, ჩვენია. ქართველებს კრიზისულ ვითარებაში (და დღეს არის კრიზისული სიტუაცია), კონსოლიდაციის განსაკუთრებული უნარი გაგვაჩნია და აუცილებლად მივაღწევთ საზოგადოებასთან ერთად, მთელ ოპოზიციურ სპექტრათან ერთად და ბიძინა ივანიშვილს არ დავტოვებთ მისი არაკომპეტენტური გუნდით ხელისუფლებაში", - თქვა ბრიფინგზე ნინო გოგუაძემ.

პარლამენტთან აქცია დღეს, 19:00 საათზეა დაგეგმილი. მოქალაქეები პარლამენტის მიერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ პროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ.

დღეს, 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო.

ცვლილებები მმართველი გუნდის ნაწილმა მოულოდნელად გააპროტესტა, რის შემდეგაც უმრავლესობის ორი სხდომა გაიმართა. ქართული ოცნების ლიდერები ირწმუნებოდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილის და მათი პოზიცია არ შეცვლილა. საბოლოოდ, პროექტმა საჭირო 113 ხმის ნაცვლად მხოლოდ 101 მიიღო და მათ შორის იყო მთელი ოპოზიციის, ასევე, დამოუკიდებელი დეპუტატების ხმებიც.

კენჭისყრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შვიდმა დეპუტატმა დატოვა, რომლებიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ემხრობოდნენ.

2020 წლის საპარალამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება მმართველმა გუნდმა 24 ივნისს გასცა. მას შემდეგ, რაც 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები