პროპორციული საარჩევნო სისტემა

ხაზარაძე: დღეს რუსთაველზე გადის ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი, დავდგეთ ერთად

მოძრაობა ლელოს დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი დღეს რუსთაველზე გადის. ის მოქალაქეებს აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებს.

"დღეს, სწორედ რუსთაველზე გადის ჩვენი თავისუფლების დაცვის და ქვეყნის მომავლის გადარჩენის ხაზი, სწორედ აქ უნდა ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ჩვენი სიტყვა და საქმე ერთია და ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ახალგაზრდების ბრძოლით და სისხლით მოპოვებულ გამარჯვებას! მოგიწოდებთ ყველას, დავდგეთ ერთად! დავდგეთ იმ ღირებულებების დასაცავად, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გარანტია. ჩვენ ვდგავართ ახალგაზრდებთან ერთად! ლელო დგას ხალხთან ერთად!", - ამბობს ხაზარაძე.

ლელოს დაამფუძნებელი ასევე აღნიშნავს, რომ პროპორციულ სისტემაზე უარის თქმით, საქართველოს მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ "იგი არაფრად აგდებს საქართველოს მოსახლეობას და არღვევს მათ წინაშე დადებულ პირობას".

პარლამენტთან აქცია დღეს, 19:00 საათზეა დაგეგმილი. მოქალაქეები პარლამენტის მიერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ პროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ.

დღეს, 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო.

ცვლილებები მმართველი გუნდის ნაწილმა მოულოდნელად გააპროტესტა, რის შემდეგაც უმრავლესობის ორი სხდომა გაიმართა. ქართული ოცნების ლიდერები ირწმუნებოდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილის და მათი პოზიცია არ შეცვლილა. საბოლოოდ, პროექტმა საჭირო 113 ხმის ნაცვლად მხოლოდ 101 მიიღო და მათ შორის იყო მთელი ოპოზიციის, ასევე, დამოუკიდებელი დეპუტატების ხმებიც.

კენჭისყრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შვიდმა დეპუტატმა დატოვა, რომლებიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ემხრობოდნენ.

2020 წლის საპარალამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება მმართველმა გუნდმა 24 ივნისს გასცა. მას შემდეგ, რაც 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო.

კომენტარები