პროპორციული საარჩევნო სისტემა

პატრიოტთა ალიანსი პარლამენტს იგივე კანონპროექტით მიმართავს და უწყვეტ აქციებს იწყებს

ტაბულა

პარტია პატრიოტთა ალიანსი პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პარლამენტს იგივე ინიციატივით მიმართავს, რომელიც დეპუტატებმა დღეს ჩააგდეს. ირმა ინაშვილის განმარტებით, იქნება მცირედი ცვლილება - 0%-იანი (0.67%) ბარიერის ნაცვლად იქნება 0.7%.

"შექმნილ კრიზისულ ვითარებაშიც კი უმრავლესობას შეუძლია ვითარების გამოსწორება, შეუძლია მცირედი ცვლილება განახორციელოს ჩავარდნილ კანონპროექტში და თავიდან შემოიტანოს პარლამენტში. არ ვიცი ახლა რაზე მსჯელობენ ისინი, როგორც ჩანს, ამას არ გააკეთებენ. ამიტომ, ჩვენ ხვალ პარლამენტში შევიტანთ იგივე კანონპროექტს, მცირედი ცვლილებით. მცირედი ცვლილებით წარდგენის უფლება ჩვენ გვაქვს. მაგალითად, მცირედი ცვლილება იქნება ის, რომ ბუნებრივი ბარიერი 0.67%-თ შეიცვლება ბარიერით 0.7%-ით", - ამბობს ირმა ინაშვილი.

ამასთან, ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ პარტია უწყვეტ აქციებს იწყებს. მისი თქმით, პირველი აქცია კვირას, 17 ნოემბერს, 17:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე ჩატარდება.

აქციის მთავარი მოთხოვნა იქნება "ქართულმა ოცნებამ დატოვოს ხელისუფლება".

ირმა ინაშვილი სხვა პარტიების მხარდამჭერებსაც მიმართავს, შეუერთდნენ აქციას. 

დღეს, 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო.

ცვლილებები მმართველი გუნდის ნაწილმა მოულოდნელად გააპროტესტა, რის შემდეგაც უმრავლესობის ორი სხდომა გაიმართა. ქართული ოცნების ლიდერები ირწმუნებოდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილის და მათი პოზიცია არ შეცვლილა. საბოლოოდ, პროექტმა საჭირო 113 ხმის ნაცვლად მხოლოდ 101 მიიღო და მათ შორის იყო მთელი ოპოზიციის, ასევე, დამოუკიდებელი დეპუტატების ხმებიც.

კენჭისყრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შვიდმა დეპუტატმა დატოვა, რომლებიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ემხრობოდნენ.

2020 წლის საპარალამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება მმართველმა გუნდმა 24 ივნისს გასცა. მას შემდეგ, რაც 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო.

კომენტარები