რიგგარეშე არჩევნები

გიგი უგულავა: ამ ვითარებაში რიგგარეშე არჩევნები ერთადერთი ლეგიტიმური მოთხოვნაა

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნება პირობა დაარღვია და მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო პროექტს, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა, ბიძინა ივანიშვილის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა ნულს ქვემოთ ჩავიდა. უგულავას შეფასებით, ივანიშვილმა "წარმოუდგენელი ფლიდობა" იკადრა. 

"მათგან განსხვავებით, ჩვენ კანონს პატივს ვცემთ ამიტომ, რიგგარეშე არჩევნები ასეთ ვითარებაში ერთადერთი ლეგიტიმური მოთხოვნაა და ვითხოვთ ამას იმიტომ, რომ ამ დიდი მეგა-ტყუილის შემდეგ ქვეყანა ვერ იცხოვრებს ისე, თითქოს არაფერი მომხდარა,"- ამბობს უგულავა ტვ პირველთან ინტერვიუში. 

მისივე თქმით, ოპოზიცია პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ხელახალი ინიცირების საკითხსაც დააყენებს, რასაც მინიმუმ, თვენახევარი დასჭირდება. უგულავა ამბობს, რომ მეორე ვარტიანტი არჩევნების ე.წ გერმანული მოდელით ჩატარებაა, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა არ სჭირდება. 

"ანუ არსებითად პროპორციული და სამართლიანია, მაგრამ ითვალისწინებს რეგიონალურს და ამას საერთოდ 76 ხმა სჭირდება. ახლა ვნახავთ, რამდენად გულწრფელები იყვნენ ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და ძმანი მისნი," - ამბობს უგულავა. 

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის შეფასებით, ქართული ოცნების 8 წევრის გარდა, პარტიიდან გასვლას სხვებიც გეგმავენ. 

"ეს პროცესი ბუნებრივად გაგრძელდება. რაც უნდა განსხვავებული ხედვები გვქონდეს თუნდაც მე და თამარ ჩუგოშვილს, ოდნავ ნამუსი თუ გაქვს, შეუძლებელია, შეძრული არ იყო ამ დიდი ტყუილით,"- ამბობს გიგი უგულავა. 

პოლიტიკოსი ამბობს, რომ უმრავლესობა მორალურადაა განადგურებული და სწორედ ამიტომაა საჭირო რიგგარეშე არჩევნები. 

"ეს მორალურად გაცვეთილი უმრავლესობა ვეღარ მართავს,"- ამბობს უგულავა. 

ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მომავალ სამოქმედო გეგმაზე დღეისათვის დასრულდა. ოპოზიციური ფლანგი რიგგარეშე პროპორციული არჩევნების მოთხოვნაზე შეჯერდა, რომელსაც როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიცია უერთდება. 

14 ნოემბრის საპარლამენტო სხდომაზე ქართული ოცნების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. კანონპროექტს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან კონსტიტუციური გადასინჯვისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/4-ის ანუ 113 დეპუტატის ხმაა საჭირო. 

კანონის ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ 24 ივნისს დადებული პირობა, რასაც თავის მხრივ წინ უძღოდა მასშტაბური საპროტესტო აქციები, რის შედეგადაც რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო. აქციების 3 ძირითადი მოთხოვნით ერთერთი სწორედ 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო. 

მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი სექტემბერში დაიწყო. ჩაატარა საყოველთაო სახალხო განხილვაც. ამ დროის განმავლობაში ქართულ ოცნების დეპუტატებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებაზე პროტესტი არ გამოუთქვამს.

კომენტარები