არჩევნები 2020

მარგველაშვილი: მე ნამდვილად არ მინდა პოლიტიკაში დაბრუნება, მაგრამ ვითარება დრამატულია

ტაბულა

"ან დემოკრატია ან დიქტატურა" - ეს მოლოდინი აქვს რუსთაველის გამზირზე მისულ ყოფილ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს. როგორც მან tv პირველთან ჩართვისას თქვა, "ქართველმა ხალხმა უნდა დაამტკიცოს, რომ თავისუფლება უმაღლესი ღირებულებაა".

გიორგი მარგველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ არ ელოდა, თუ ქართული ოცნება პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტს ჩააგდებდა. მისი თქმით, აქციაზე ბოლომდე იდგება, რადგან "აქ ვდგავარ ბოლო 30 წელიწადია".

კითხვაზე, ეს ხომ არ იქნება ბიძგი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებისა, გიორგი მარგველაშვილი პასუხობს - "მე ნამდვილად არ მინდა პოლიტიკაში დაბრუნება, მაგრამ ვითარება დრამატულია".

დამაზუსტებელ კითხვაზე, გიორგი მარგველაშვილმა თქვა - "მე არ მინდა პოლიტიკაში დაბრუნება, მაგრამ მე არ მინდა დიქტატურაში ცხოვრება".

პარლამენტთან რამდენიმე ათასი ადამიანი ითხოვს, ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარდამავალი მთავრობით და პროპორციული წესით. ოპოზიციური პარტიების და საზოგადოებრივი ჯგუფების შეხვედრის შემდეგ მათი სამოქმედო გეგმაა - ერთად ერთის წინააღმდეგ, ყველა მინუს ივანიშვილი.

პარლამენტთან საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც დღეს, 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო.

კომენტარები