PACE-ს თანამომხსენებლები: პროპორციულის ჩაგდება გაუგებარი და უკან გადადგმული ნაბიჯია

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

საქართველოს საკითხზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ქართული ოცნების მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის კენჭისყრის ჩაგდებას ეხმაურებიან

როგორც განცხადებაში წერია, ისინი ღრმად შეწუხებულები არიან იმით, რომ საქართველოს პარლამენტმა ვერ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა. 

"ჩვენ ვწუხვართ კანონპროექტის მხარდაჭერის ნაკლებობის გამო. პროპორციული წარმომადგენლობის სისტემის შემოღება ყველა დაინტერესებული მხარის მოწოდება იყო ბოლო ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში და მისი შემოღება დიდი ხნის დაგვიანებული იყო. 

იმ ფონზე, რომ ყველა დაინტერესებული მხარის ნათელი კონსენსუსი არსებობდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული სისტემის შემოღების აუცილებლობაზე, კანონპროექტის ჩავარდა გაუგებარია. ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი,"- წერენ ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი). 

თანამომხსენებლები ყველა მხარეს და განსაკუთრებით მმართველ უმრავლესობას მოუწოდებენ, რომ განიხილონ შესაძლებლობები, რომლითაც ეს შესწორებები მომავალ არჩევნებამდე აისახება კონსტიტუციაში. 

14 ნოემბრის საპარლამენტო სხდომაზე ქართული ოცნების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. კანონპროექტს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან კონსტიტუციური გადასინჯვისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/4-ის ანუ 113 დეპუტატის ხმაა საჭირო. 

კანონის ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ 24 ივნისს დადებული პირობა, რასაც თავის მხრივ წინ უძღოდა მასშტაბური საპროტესტო აქციები, რის შედეგადაც რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო. აქციების 3 ძირითადი მოთხოვნით ერთერთი სწორედ 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო. 

მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი სექტემბერში დაიწყო. ჩაატარა საყოველთაო სახალხო განხილვაც. ამ დროის განმავლობაში ქართულ ოცნების დეპუტატებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებაზე პროტესტი არ გამოუთქვამს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა (Video)

კომენტარები