სერგეი გავრილოვი

გავრილოვი: საქართველოს პარლამენტმა ბოდიში უნდა მოგვიხადოს

ტვ. პირველი

რუსმა კომუნისტმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა თქვა, რომ საქართველოს პარლამენტს ბოდიში უნდა მოეხადა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დეპუტატებისთვის მიმდინარე წლის ზაფხულს ასამბლეის ჩაშლის გამო და ინციდენტის შედეგად მიღებული ზომების შესახებ ანგარიში უნდა წარმოედგინა.

მან ეს განცხადება ათენში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის შეხვედრაზე გააკეთა. ინფორმაციას რუსული მედია მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

გავრილოვის თქმით, ასამბლეაში მონაწილე დეპუტატებზე პოლიტიკური ზეწოლის თავიდან ასარიდებლად საჭიროა ზომების მიღება.

სერგეი გავრილოვმა აღნიშნა, რომ რუსული მხარე "დროულად რეაგირებს" და ახლა ელოდება "საერთაშორისო თანამეგობრობას, რადგან ეს საკითხი ეხება საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებისა და ზოგადად პარლამენტარების პატივისცემას."

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს რუსმა კომუნისტმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა, რასაც მოქალაქეები ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. გავრილოვის ღამეს ხელისუფლებამ ანტისაოკუპაციო აქცია ძალადობრივად დაარბია. მომიტინგეებმა სამი მთავარი მოთხოვნა წამოაყენეს - 2020 წელს პროპორციული საარჩევნო სისტემით საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, მაშინ შს მინისტრი გიორგი გახარიას გადადგომა და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება.

მას შემდეგ გახარია დააწინაურეს და მან პრემიერმინისტრის თანამდებობა დაიკავა.

მართალია, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მომიტინგეთა მოთხოვნა პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნების ჩატარების თაობაზე დაკმაყოფილდებოდა, თუმცა დღეს პარლამენტმა 2020-ის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდო.

სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები პრინციპით "ყველა მინუს ივანიშვილი" მოითხოვს პროპორციულ არჩევნებს დროებითი მთავრობის პირობებში.

კომენტარები