რიგგარეშე არჩევნები

ელენე ხოშტარია: ბიძინა ივანიშვილის ჩატარებული არჩევნები აღარ არსებობს

ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია იმ მოთხოვნებსა და სამოქმედო გეგმებზე საუბრობს, რომლებზეც ოპოზიციური სპექტრი შეთანხმდა. 

ხოშტარიას თქმით, მათ აქვთ ორი მთავარი მოთხოვნა. პირველი არის დროებითი მთავრობის შექმნა, რომელიც არჩევნებს ჩაატარებს, მათ შორის ცესკო და ძალოვანი სტრუქტურები. 

"ბიძინა ივანიშვილის ჩატარებული არჩევნები აღარ არსებობს," - ამბობს ხოშტარია მთავარი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

დეპუტატის თქმით, სამოქმედო გეგმის შემდეგი ნაწილი ამ დროებითი მთავრობის პირობებში პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღწევაა.

"მთავარია, არჩევნებს ვინ ჩაატარებს,"- ამბობს ელენე ხოშტარია. 

შეკითხვაზე, ოპოზიციურ სპექტრში არის თუ არა ერთიანობის რესურსი, ხოშტარია პასუხობს, რომ არის, რადგან ამოცანა ის არ არის, ვინ მოვა ხელისუფლებაში. 

"ამოცანა არის ის, რომ ხალხს დაუბრუნდეს არჩევნების ნება,"- თქვა ელენე ხოშტარიამ. 

დეპუტატი ამბობს, რომ ამ ყველაფრის ფორმები ძალიან მწვავე იქნება. მისი თქმით, ის წავა ციხეში, მაგრამ ძალაუფლებას არ დაუთმობს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას. 

"ეს არის განაცხადი, ოღონდ არ არის - თვითმიზანი. არ გვინდა ეს,"- ამბობს დეპუტატი. 

ხოშტარიას თქმით, მათ დღეს ისე მოახერხეს გზის გადაკეტვა, რომ ხალხის საკმარისი რაოდენობა ჯერ არ იყო პარლამენტის წინ შეკრებილი. 

"ეს იყო ხაზგასმული განაცხადი, რომ დიახ, თქვენ ისე არღვევთ კანონს, რომ ჩვენ ჩვენს ძალას გაჩვენებთ,"- ამბობს ხოშტარია. 

დეპუტატის თქმით, ეს ძალა ძალადობრივი არ იქნება და ამ პასუხისმგებლობას ისინი საკუთარ თავზე იღებენ. 

შეკითხვაზე, ელოდება, თუ არა ხელისუფლება თვითონ გამოიყენებს ძალადობრივ ძალას, ხოშტარია პასუხობს, რომ ამას მხრებგამართულები ელოდებიან და ხელისუფლება მათ ძალადობით ვერ შეაშინებს. 

"მაკო გომურმა რომ თვალი დაკარგა, ამის მერე რაღა უნდა მოხდეს? ვიქნებით ძალიან მწვავეები, არაძალადობრივები, მაგრამ მწვავეები. ამას ითხოვს დღეს ვითარება,"- თქვა ელენე ხოშტარიამ. 

ქართული ოცნების მიერ 24 ივნისს გაცემული პირობის არშესრულებასა და იმ კანონპროექტის ჩაგდებას, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა, რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიანი აქციების განახლება და ოპოზიციური პარტიებისა და პოლიტიკოსების გაერთიანება მოჰყვა. 

ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ეს პირობა მას შემდეგ გასცა, რაც 20 ივნისის ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ანტისაოკუპაციო აქცია ძალადობრივად დაარბია.

რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი 3 მთავარი მოთხოვნით იყო გადაკეტილი, რომელთაგან ერთერთი სწორედ 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო. 

კომენტარები