პროპორციული საარჩევნო სისტემა

სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი დატოვებენ თუ არა უმრავლესობას კონსერვატორები

ტაბულა

სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი დატოვებენ თუ არა საპარლამენტო უმრავლესობას კონსერვატორები.

ფრაქციის წევრი, ნინო გოგუაძე ამბობს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ პროექტის ჩაგდება არ იყო ის გადაწყვეტილება, რაზეც შეთანხმდნენ.

ფრაქცია "ქართული ოცნება - კონსერვატორები" პარლამენტში 7 წევრითაა წარმოდგენილი. ესენი არიან: ზვიად ძიძიგური, ნინო გოგუაძე, გიგა ბუკია, პაატა კვიჭინაძე, მუხრან ვახტანგაძე, რუსლან გაჯიევი.

პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო საპარლამენტო უმრავლესობა თავდაპირველად 7-მა დეპუტატმა დატოვა: თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, ირინე ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, ზაზა ხუციშვილმა და დიმიტრი ცქიტიშვილმა. მოგვიანებით უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადება მარიამ ჯაშმაც გაავრცელა. დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობასა და პარტიას მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ბეგაძეც, ტოვებს.

გუშინ, 14 ნოემბერს, ქართული ოცნების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. კანონპროექტს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან კონსტიტუციური გადასინჯვისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/4-ის ანუ 113 დეპუტატის ხმაა საჭირო. 

კანონის ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ 24 ივნისს დადებული პირობა, რასაც თავის მხრივ წინ უძღოდა მასშტაბური საპროტესტო აქციები, რის შედეგადაც რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო. აქციების 3 ძირითადი მოთხოვნიდან ერთერთი სწორედ 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო. 

მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი სექტემბერში დაიწყო. ჩაატარა საყოველთაო სახალხო განხილვაც. ამ დროის განმავლობაში ქართულ ოცნების დეპუტატებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებაზე პროტესტი არ გამოუთქვამს.

კომენტარები