ლელო

მემარცხენე აქტივისტები და პოლიტიკოსები მამუკა ხაზარაძის "ლელოს" უერთდებიან

სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები, რომლებიც მემარცხენე პოლიტიკური იდეოლოგიას იზიარებენ, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მოძრაობა "ლელოს" უერთდებიან.

მათ შორის არიან გრიგოლ გეგელია, ირაკლი კუპრაძე და ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი.

ეს ინფორმაცია ტაბულას გრიგოლ გეგელიამ დაუდასტურა.

"ჩვენ ვთანხმდებით, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება; ვთანხმდებით, რომ ქართული ოცნების მმართველობის 8 წლის თავზე მეფობს ნეპოტიზმი, კორუფცია, განუვითარებლობა, არაგამჭვირვალე პოლიტიკური მოწყობა, არათავისუფალი სასამართლო... ვთანხმდებით იმაზეც, რომ აუცილებელია საქართველო იყოს ღირსების და ხარისხის ბრენდი, ჩვენ ვთანხმდებით იმაზეც, რომ ადამიანი რა შეიძლება იღუპებოდეს შრომისგან, არ შეიძლება შრომა იყოს დაუცველი და ანაზღაურება სრულიად მიზერული. ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ქვეყანას სჭირდება განვითარების ახლებური კურსი და შემართება და ჩვენ შევქმნით სრულიად განსხვავებულ ახალ, ეთიკურ და პროფესიულ მოდელს პოლიტიკური ცენტრის ცენტრში, რათა გავაერთიანოთ ძალიან დაქსაქსული საზოგადოება", - ამბობს გრიგოლ გეგელია.

ტაბულას კითხვას, რამდენად თანხვედრაშია მათი იდეოლოგიები მამუკა ხაზარაძის მოძრაობასთან და მოსალოდნელია თუ არა პოზიციების ცვლილება, გეგელია პასუხობს, რომ ლელო დემოკრატიული პლატფორმაა.

"ლელო არის ძალიან დემოკრატიული, ღია პლატფორმა, ჩვენ ერთმანეთის აზრებს არ ვცვლით, არამედ ერთად ვმუშაობთ ყველაზე მთავარ პრობლემებზე და ერთად ვცდილობთ მოვნახოთ გამოსავლები, რომლებიც ყველაზე კარგად იმუშავებს, რათა ქართველი ხალხის კეთილდღეობა იყოს დაცული. ამ პროცესში რიგ საკითხებზე არის განსხვავებული ხედვები, მაგრამ უმთავრეს საკითხებზე არის კონსენსუსი, ამაზე გვისაუბრია ძალიან ბევრჯერ და გვაქვს სრული პატრიოტული და ცენტრისტული თანხმობა, თუ რა სჭირდება ქვეყანას ჭაობიდან ამოსასვლელად", - ამბობს გეგელია.

მამუკა ხაზარაძე მოძრაობის მორიგ 12 წევრს დღეს, 12:00 საათზე წარადგენს.

კომენტარები