ჩილე

ჩილეში მომიტინგეებმა პოლიციის დრონს ლაზერები მიანათეს - დრონი დაეშვა [VIDEO]

ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე მომიტინგეებმა პოლიციის დრონი ლაზერებით დაუშვეს. 

მათ პოლიციის დრონს ათეულობით მწვანე სამომხმარებლო ლაზერი მიანათეს, რის შედეგადაც, დაახლოებით, 20 წამის შემდეგ დრონი მიწაზე დაეშვა. ჯერჯერობით, უცნობია, თუ კონკრეტულად რამ გამოიწვია დრონის უფუნქციობა.

ერთერთი ვერსიით, ლაზერების მინათების შედეგად დრონის პილოტი გარშემო ვეღარაფერს ხედავდა და ორიენტაცია დაკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას დრონის საწინააღმდეგო ტექნოლოგიების შემსწავლელი ციტადელის თავდაცვის კერძო კომპანიის ხელმძღვანელის კრისტოფერ უილიამსი ავრცელებს.

მეორე ვერსიით, ლაზერებმა დრონის სენსორების გაუმართაობა გამოიწვია, რის შედეგადაც მფრინავი ობიექტი ავტომატურად მიწაზე დაეშვა ან "დრონი უკონტროლო გახდა".

ვიდეო თავდაპირველად ვებგვერდ Reddit-ზე გაავრცელეს, სადაც მომხმარებლები ვარაუდობდნენ, რომ ათეულობით ლაზერის მინათებამ დრონი გადაახურა, თუმცა სამომხმარებლო ლაზერებით ამის გაკეთება ნაკლებადაა შესაძლებელი. 

კიდევ ერთი ვერსიით, შესაძლოა, დრონს უბრალოდ ბატარეა დაუჯდა.

აღსანიშნავია, რომ ჰონგ-კონგელ აქტივისტებს დარბევის დროს პოლიციისა და სახის ამომცნობი კამერების ასარიდებლად არაერთხელ გამოუყენებიათ ლაზერები.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საპროტესტო აქციები მეტროზე ფასების ზრდას მოჰყვა და როგორც მომიტინგეები ამბობენ, ზოგადად გაზრდილი ფასებისა და ქვეყანაში არსებული უთანასწორობის წინააღმდეგ აქციებში გადაიზარდა. 

აქციები რამდენჯერმე ძალადობრივი გახდა, რის შედეგადაც სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა. მომიტინგეებმა დაწვეს ავტობუსები, დააზიანეს მეტროს სადგურები. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.

ჩილეს პრეზიდენტმა სებასტიან პინიერამ საპროტესტო აქციების პასუხად მინისტრთა კაბინეტი დაითხოვა და სოციალური რეფორმების გატარების პირობა დადო, თუმცა პროტესტი გრძელდება.

საპროტესტო აქციებზე დაიღუპა სულ მცირე 17 ადამაინი, დააკავეს 7 000-ზე მეტი ადამიანი.

კომენტარები